ახალი ამბები

პუტინმა ხელი მოაწერა ცხინვალთან „ორმაგი მოქალაქეობის“ კანონს

28 მაისი, 2022 • 2002
პუტინმა ხელი მოაწერა ცხინვალთან „ორმაგი მოქალაქეობის“ კანონს

რუსული სამთავრობო მედიასაშუალება „ტასის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთის ფედერაციას შორის ორმაგი მოქალაქეობის გამარტივებულად მინიჭების შესახებ მიღწეული შეთანხმების რატიფიცირების შესახებ.

ხელშეკრულებას მოსკოვსა და ცხინვალს შორის ხელი თავდაპირველად 2021 წლის 20 სექტემბერს მოეწერა. ის ითვალისწინებს, რომ ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ, მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა. მოქალაქეობის მინიჭება გამარტივებული წესით მოხდება.

14 წლამდე ბავშვებს მიენიჭებათ იგივე მოქალაქეობა, რაც მათ მშობლებს. ამასთან, ორივე მხარის მოქალაქეობის მქონე პირები ისარგებლებენ იმ ქვეყნის სოციალური უზრუნველყოფის, განათლებისა და სამედიცინო პროგრამებით, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ.

რუსული სააგენტო „რია“ ასევე წერდა, რომ 27 მაისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კრისტინა ავლოხოვამ განაცხადა, რომ რუსეთთან შეერთების შესახებ 17 ივლისისთვის დაგეგმილი რეფერენდუმის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

თუმცა 28 მაისს ოსურ სამთავრობო საიტ „რესზე“ გამოქვეყნდა ცნობა, რომლის მიხედვითაც კრისტინა ავლოხოვას მსგავსი კომენტარი არ გაუკეთებია.

კრემლის პრეს-სპიკერი, დმიტრი პესკოვი კი აცხადებს: „მე უკვე მერამდენედ ვიმეორებ, რომ რაიმე ნაბიჯები ამ შემთხვევაში რუსეთის მხრიდან არ გადადგმულა და არც იგეგმება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი