ახალი ამბები

„მნიშვნელოვანია საქართველომ მხარი დაუჭიროს სანქციებს“ – მაკრონის წერილი ზურაბიშვილს

26 მაისი, 2022 • 677
„მნიშვნელოვანია საქართველომ მხარი დაუჭიროს სანქციებს“ – მაკრონის წერილი ზურაბიშვილს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და წერილს უგზავნის.

მაკრონი ზურაბიშვილისთვის მიწერილ წერილში, რომელსაც საფრანგეთის საელჩო საქართველოში ავრცელებს, აღნიშნავს, რომ თითქმის სამი თვეა, რაც ევროპის კონტინენტი შეიგრძნობს რუსეთის მიერ სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ მკვლელ აგრესიულ ომს.

მისი თქმით, ამ თავდასხმის წინაშე, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს კონტინენტის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, როგორც არასდროს, აუცილებელია, ევროპის ოჯახმა შეინარჩუნოს ერთიანობა:

„უკრაინელი ხალხის მხარდაჭერით, იქნება ეს თქვენს ტერიტორიაზე ამჟამად მყოფი მრავალი ლტოლვილის მიღებითა თუ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით, ქართველებმა დაადასტურეს თავიანთი სრული ერთგულება ჩვენთვის ასე ძვირფასი ღირებულებების მიმართ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მიერ თანმიმდევრულად მიცემული ხმები რეზოლუციების სასარგებლოდ, რომლებიც მოითხოვდა უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მოუწოდებდა რუსეთს მშვიდობიან მოსახლეობაზე ყველა თავდასხმის შეწყვეტისკენ და ბოლოს, მას რიცხავდა ადამიანის უფლებების საბჭოდან, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო“ – აღნიშნავს ემანუელ მაკრონი.

მისი თქმით, მაშინ, როცა საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო, დაემტკიცებინა დემოკრატიის გზის მიმართ თავისი დამაჯერებელი ერთგულება და ახლახან წარადგინა წევრობის კითხვარის მეორე ნაწილი. მაკრონის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მხარი დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას და ხელი შეუშალოს მოქმედი სანქციების რეჟიმის რუსეთის მიერ გვერდის ავლის მცდელობებს:

„ჩემთვის ასევე ცნობილია თქვენი სურვილი, განამტკიცოთ კანონის უზენაესობა აუცილებელი რეფორმების გატარებით, სახელდობრ სასამართლო სისტემაში – შეგიძლიათ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერის იმედი გქონდეთ ამ გზაზე. მოგეხსენებათ, რომ 2022 წელს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე იუბილე აღინიშნება. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ შევძელით, განგვევითარებინა განსაკუთრებული კავშირი, რომელიც ფესვგადგმულია ნდობითა და მეგობრობით გამორჩეულ ჩვენს საერთო ისტორიაში. მოხარული ვარ ამით და გამოვთქვამ იმედს, რომ შევძლებთ, გავაგრძელოთ ჩვენი უკვე სამაგალითო თანამშრომლობა «ამილახვარის » სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში, რომელიც 2019 წლის თებერვალში გავხსენით“ – ამბობს მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კიდევ ერთხელ ღრმა რწმენით ადასტურებს საფრანგეთის ურყევ ერთგულებას საქართველოს სრული სუვერენიტეტის მიმართ და აცხადებს, რომ როგორც ყოველთვის, საფრანგეთი კვლავ ყურადღებით დააკვირდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას და არ აღიარებს იქ ჩატარებულ არცერთ ფსევდო-რეფერენდუმს.

მასალების გადაბეჭდვის წესი