ახალი ამბები

მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება და ბრიუსელში ინტერპარტიული ჯგუფის ვიზიტი – ლელოს ინიციატივა

23 მაისი, 2022 • 695
მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება და ბრიუსელში ინტერპარტიული ჯგუფის ვიზიტი – ლელოს ინიციატივა

„ლელო“ ინიციატივით, გამოდის, რომ პარტიები შარლ მიშელის შეთანხმებას დაუბრუნდნენ და დოკუმენტზე ხელმომწერებისაგან შემდგარი ინტერპარტიული ჯგუფი ბრიუსელსა და ევროპის დედაქალაქებში ჩავიდეს. ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ, დღეს, 23 მაისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, მნიშვნელოვანია, დარჩენილი მცირე დრო, სანამ ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიიღებს, ქვეყანამ გამოიყენოს და შანსი ხელიდან არ გაუშვას.

„უნდა იქნეს ფორმირებული ინტერპარტიული ჯგუფი იმ პარტიებისგან შემდგარი, რომლებიც შეუერთდნენ შარლ მიშელის დოკუმენტი. ინტერპარტიული ჯგუფი უნდა ჩავიდეს ბრიუსელში, უნდა ჩაატაროს შეხვედრები ყველა ინსტიტუტში, რომელიც ჩართულია გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს ევროპული პერსპექტივის კუთხით.

აუცილებელია ასევე, ინტერპარტიული ჯგუფი ჩავიდეს ევროპის უმნიშვნელოვანეს დედაქალაქებში, სადაც დემონსტრირებული იქნება, რომ ჩვენ ვართ ერთიანი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროპული პერსპექტივა ამ შეხვედრაზე, რომელიც დაგეგმილია ივნისის შუა რიცხვებში. ეს არის ჩვენი შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ბევრი დრო არ არის დარჩენილი. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ თუკი ის უარს იტყვის ამ ინიციატივაზე, მაშინ ის უარს ამბობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.


საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მანამდე „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2024 წელს, ხოლო კანდიდატის სტატუსს 2030 წლამდე ელოდა.უკრაინას უკვე – 8 აპრილს, საქართველოსა და მოლდოვას კი 11 აპრილს, გადაეცა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი.

კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარი (Questionnaire) წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ხდება გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

როგორც წესი, კითხვარის შევსების და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა წლები გრძელდება, თუმცა ამჯერად პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს და ქვეყნებს კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა მიეცათ, ევროკომისიის შეფასება კი, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მზად.

მასალების გადაბეჭდვის წესი