ახალი ამბები

როგორია საგარეო საქმეთა სამინიტროს ათწლიანი გეგმა

11 აგვისტო, 2021 • 985
როგორია საგარეო საქმეთა სამინიტროს ათწლიანი გეგმა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა  9 აგვისტოს წარადგინა უწყების სამოქმედო გეგმა „დასავლურ ღირებულებებსა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა: 10 წლის ხედვა – 10 მიზანი“ .

ათწლიან გეგმაში, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ უფრო ზოგადი ხასიათისაა, ძირითადი სიახლე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მხრივ კონკრეტული ვადების დაზუსტება და  აშშ-თან სამომავლო ურთიერთობების ახლებურად დახასიათებაა. ამასთან, ათწლიანი გეგმის პირველი მიზანი დეოკუპაცია და ათი წლისთავზე ამ კუთხით ხელშესახები პროგრესია.

ჩვენს რესპონდენტთან, საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი სირბილაძესთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი გეგმიდან ყურადღებას სწორედ აღნიშნულ მიზნებზე გავამახვილებთ და განვიხილავთ, რამდენად შეძლებს საქართველო ამ მიზნების სრულად რეალიზებას.

საქართველოს მიზნები ევროკავშირთან, ნატოსთან და აშშ-თან მიმართებით

როგორც გეგმის წარდგენისას დავით ზალკალიანმა განაცხადა, 10-წლიანი გეგმა უწყების ისტორიაში პირველად შეიქმნა და მასში განისაზღვრა, თუ სად უნდა იყოს საქართველო 10 წლის შემდეგ როგორც ქვეყნის აღმშენებლობის, ასევე საერთაშორისო არენაზე პოზიციონირების კუთხით.

ირაკლი სირბილაძის შეფასებით, გეგმა ნამდვილად წარმოადგენს ერთგვარ მიმართულებას და ხედვას, თუ რა იქნება სასურველი შედეგები საქართველოს საგარეო პოლიტიკაში 2030 წლისთვის და რაზე უნდა იმუშაოს ქართულმა დიპლომატიამ მომდევნო წლების მანძილზე. თუმცა, მისი თქმით, ამ მიზნების მიღწევა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის წამყვანი კი  საქართველოს შიდადემოკრატიული კონსოლიდაცია და  საერთაშორისო პოლიტიკური ფაქტორებია.

როგორც ანალიტიკოსი  ამბობს, საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაცია და სამართლის უზენაესობის განმტკიცება პირდაპირ კავშირშია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიზნებთან.

კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს გეგმის მიხედვით, 2024 წელს უნდა განხორციელდეს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანა, ხოლო შემდგომ, 2030 წლამდე, წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება და  ასევე, ალიანსთან ერთად შემუშავებული გეგმის მიხედვით საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანების უზრუნველყოფა.

“ქვეყანა უნდა იყოს სრულ მზადყოფნაში ნატოს მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისათვის და პროცესი მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე –  ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში წევრობამდე”, – განაცხადა ზალკალიანმა.

რაც შეეხება ევროკავშირს, დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აღიარებული უნდა იქნეს ევროკავშირის მხრიდან და გაიხსნას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიმართულებით. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მინისტრი, სხვა ასპექტებთან ერთად, საქართველოს, როგორც რეგიონში ევროკავშირის ძირითადი პარტნიორის, დემოკრატიისა და ევროპული ფასეულობების მთავარი საყრდენის, როლის კონსოლიდაციას ასახელებს.

“მართალია, ათწლიანი გეგმა “დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე” ამახვილებს ყურადღებას, თუმცა, პრაქტიკაში, მზარდი პოლარიზაცია და ქვეყანაში არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისები აჩვენებს დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელოვან სისუსტეებს. დემოკრატიის კონსოლიდაციის გარეშე კი, დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია წარმოუდგენელია”, — ამბობს ირაკლი სირბილაძე.

მისი თქმით,  მიუხედავად იმისა, შეძლებს თუ არა საქართველო დემოკრატიის კონსოლიდაციას, არსებობს გეოპოლიტიკური და საერთაშორისო ხელშემშლელი ფაქტორები, რაც დასახულ ვადაში დასახული მიზნების მიღწევაზე გავლენას მოახდენს.

“ეს ხელის შემშლელი ფაქტორი ძირითადად არის ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს მიღებასთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსენსუსის სისუსტე, რასაც განაპირობებს როგორც ევროკავშირსა და ნატოს შიგნით არსებული განწყობები და ‘გაფართოებით გადაღლა’, ისე დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების ურთიერთობები და მიდგომები რუსეთთან”, — აღნიშნავს ირაკლი სირბილაძე.

როგორც ანალიტიკოსი ამბობს, ამ სირთულის გადაჭრის მზა რეცეპტები არ არსებობს, თუმცა დემოკრატიის კონსოლიდაცია ის მინიმუმია, რომლის არსებობის გარეშეც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ გადადგმული პროაქტიული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები მნიშვნელოვან შედეგებს არ გამოიღებს.

ამავე გეგმაში ცალკე მიზნადაა გამოყოფილი აშშ-თან ურთიერთობები. საგარეო საქმეთა სამინისტროს გეგმით, 10 წლის მანძილზე აშშ-სა საქართველოს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი  ალიანსი უნდა ჩამოყალიბდეს. საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, სამოკავშირეო ურთიერთობებში გაძლიერებული უნდა იყოს სამხედრო-პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კომპონენტები.

ირაკლი სირბილაძის თქმით, აშშ-თან  ყოვლისმომცველ ალიანსზე საუბარი ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში აშშ-თან ურთიერთობების წამყვან მნიშვნელობას.

დეოკუპაცია და რუსეთთან ურთიერთობები

საგარეო საქმეთა სამინისტროს გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი დეოკუპაციას ეხება. გეგმის თანახმად, 2030 წლისათვის ქვეყნის დეოკუპაციის პროცესი დაწყებული და შეუქცევადი უნდა იყოს.

დავით ზალკალიანის თქმით, მომდევნო ათი  წლის მანძილზე საგარეო უწყება ძალისხმევას მიმართავს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე შექმნილი სამთავრობო კომისიის ეფექტიანი მუშაობის და კომისიის მიერ შემუშავებული  სახელმწიფო სტრატეგიის ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის.

“დეოკუპაციისა და კონფლიქტის მოგვარების მხრივ ახლად შექმნილი კომისია ახალს რას შემოგვთავაზებს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საქართველოს მხრიდან მნიშვნელოვანია მუდმივი ხაზგასმა, მათ შორის ოფიციალურ დოკუმენტებშიც, რომ საქართველო ორიენტირებულია კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრაზე და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ოკუპაციის ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობა და მათი უფლებები”, — ამბობს ირაკლი სირბილაძე საგარეო უწყების აღნიშნული ხედვის შეფასებისას.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვით, აუცილებელია რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზაციის შესაძლებლობის გაჩენა დეოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვითა და კონფლიქტის დარეგულირების რეალური პროცესის დაწყებით.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაძლიერება და აღნიშნული პლატფორმის საშუალებით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და დევნილთა დაბრუნების საკითხზე ხელშესახები პროგრესის უზრუნველყოფა.

“ჟენევის ფორმატმა თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს. შეუძლებელია, დაუსრულებლად ვიყოთ პროცესში  მხოლოდ პროცესისათვის. აუცილებელია საგნობრივი და შედეგზე ორიენტირებული სამშვიდობო მოლაპარაკებები“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც ირაკლი სირბილაძე ამბობს,  რუსეთის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილება საქართველოსთან მიმართებით გრძელვადიან პერსპექტივაშიც კი ნაკლებ სავარაუდოა  და საქართველო  რეალისტურად უნდა მიუდგეს, თუ რისი მიღწევა არის შესაძლებელი რუსეთთან ურთიერთობებში, მათ შორის- კონფლიქტებთან მიმართებით.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლებში რუსეთი საქართველოს დასავლური ინტეგრაციისადმი წინააღმდეგობას, ოკუპაციას, ბორდერიზაციის პროცესს კვლავ გააგრძელებს და უკან არ წაიღებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას.

“ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობები წარიმართოს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი კოორდინაციითა და საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში, მათ შორის- ჟენევის ფორმატში. ჟენევის ფორმატის სიძლიერე მასში სწორედ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და აქტორების მონაწილეობაა. საქართველოს ამოცანა უნდა იყოს ამ ფორმატის უკეთ გამოყენება და არა მისი ჩანაცვლება.

კონფლიქტის მოგვარების სხვა მაღალი დონის ფორმატები, სადაც რუსეთი მონაწილეობს, აჩვენებს, რომ რუსეთი ცდილობს, ყველა ფორმატი საკუთარ ეროვნულ ინტერესებსა და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს დაუქვემდებაროს”, – ამბობს ირაკლი სირბილაძე და დასძენს, რომ ვიდრე ეს ინტერესები და პრიორიტეტები არ ტრანსფორმირდება, წარმოუდგენელია, მოლაპარაკებების ახალმა ფორმატმა საქართველოსთან მიმართებით რუსეთის ქცევის ცვლილება განაპირობოს.

მისი თქმით, საქართველოსთვის ერთადერთი მომგებიანი გზა საერთაშორისო დიპლომატიის გამოყენებითა და პარტნიორების დახმარებით კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებაა.

სამეზობლო პოლიტიკა

ათწლიანი გეგმის კიდევ ერთი მიზანი დაბალანსებულ, პარტნიორულ ურთიერთობებზე ორიენტირებული და ურთიერთსასარგებლო რეგიონული პოლიტიკის გატარებით, სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის, კეთილმეზობლობისა და დინამიკური განვითარების სივრცედ ჩამოყალიბებაა.

მეზობელ ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან თანამშრომლობაზე საუბრისას ზალკალიანმა აღნიშნა, რომ  ამ პერიოდში საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია დასრულდება. იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის გამო ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, საგარეო საქმეთა მინისტრს ეს საკითხი მეტად აღარ განუვრცია.

როგორც ირაკლი სირბილაძე ამბობს, საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია არის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა ნაკლებად მოსალოდნელია.

“მინისტრმა წარმოადგინა ძირითადი პრიორიტეტები შემდეგი ათი წლის მანძილზე, რაც კიდევ ერთხელ ემყარება უკვე არსებულ მიდგომებს. ზოგადად, საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია არის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი და მოითხოვს მეზობელ ქვეყნებთან მუდმივ მოლაპარაკებებს და განსაკუთრებულ სიფრთხილეს. ბუნებრივია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა საგარეო პოლიტიკური ამოცანაა, თუმცა, სხვა თანაბარ პირობებში, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა ნაკლებად მოსალოდნელია”, – ამბობს სირბილაძე.

გარდა აღნიშნული მიზნებისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი გეგმით გათვალისწინებულია: აქტიური ეკონომიკური დიპლომატიის გზით  საინვესტიციო შესაძლებლობების და  უცხოური ინვესტიციების ზრდა,  ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო სატრანსპორტო, ენერგეტიკული და საინვესტიციო პროექტების ეფექტიანი რეალიზება; ქართული პროდუქციისთვის პრეფერენციული საექსპორტო პირობებისა და დივერსიფიცირებული საექსპორტო ბაზრების უზრუნველყოფა.

გეგმა ასევე ითვალისწინებს მეგობარ სახელმწიფოებთან არსებული მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების  სტრატეგიულ ფორმატზე აყვანას,

ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს გეგმით, 2030 წლისათვის საქართველოს უნდა ჰყავდეს ძლიერი დიასპორა,  ძლიერი ქართული კულტურულ – საგანმანათლებლო კერებით, საზღვარგარეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი