რა შანსები აქვს საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რა არის საჭირო ამ შანსების გასაზრდელად და რა რეალისტური მოლოდინები არსებობს? ამ და სხვა საკითხებზე ნეტგაზეთმა ინტერვიუ ჩაწერა ევროპარლამენტის წევრ ვიოლა ფონ კრამონთან, რომელიც ესწრებოდა სტრასბურგში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას.
როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებასა და განცხადებებს ომთან დაკავშირებით უკრაინაში, იყო თუ არა თბილისი საკმარისად მკაცრი რუსეთის აგრესიის შესაფასებლად და სოლიდარული კიევის მიმართ?
პრემიერ-მინისტრის განცხადება, ეს იგივეა, როდესაც ქალზე კაცი ძალადობს, მაგრამ ამბობენ, რომ ეს ქალის ბრალი იყო. ეს რა, მსხვერპლის დადანაშაულებაა?! გულწრფელი რომ ვიყო, შოკირებული ვარ, რადგან ვერ წარმომედგინა, რომ ვინმეს ასე შეეძლო ფაქტების ინტერპრეტაცია.
როდესაც აგრესორი თავს გესხმის, კლავს, ანადგურებს, აუპატიურებს, აწამებს შენს მოქალაქეებს, უბრალო მოსახლეობას და ამაში მათ ადანაშაულებ, უბრალოდ, იმიტომ, რომ არსებობენ, ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია.
ის, რაც საქართველოს მთავრობისგან, განსხვავებით ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოებისა, ვნახეთ, თავსატეხია. რეზოლუციებში რუსეთი არ მოიხსენიება, ამის პარალელურად კი ხდება „უკანა კარის“ შეთანხმებები რუსეთთან უკრაინისა და სხვა საკითხების შესახებ. მე ვერ ვხედავ მათ მიერ სანქციებზე შეერთებას, საპირისპიროდ ამისა, ისინი ცდილობენ სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას, რათა აგრესორთან ერთად „ფული იშოვონ“.
საქართველო რუსული ხილული საფრთხის წინაშეა. ხელისუფლების წევრთა ნაწილის განცხადებებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მათი ასეთი რიტორიკა, შესაძლოა, ამ რისკების ასარიდებლად იყოს გამიზნული? როგორ განიხილავთ რუსულ საფრთხეს და ამ არგუმენტს?
ვხედავთ, რომ რუსეთი უკრაინაში თითქმის მარცხდება. მათ საშინელი დანაკარგები აქვთ. უკვე ცნობილია 14 000 დაღუპული ჯარისკაცის შესახებ.
მე ვიცი, რომ სულ მცირე წარსულში საქართველოს შეეძლო საკუთარი თავის დაცვა. რა თქმა უნდა, საშინელი სანახავია, რუსეთის თავდასხმა და ქალაქების ალყაში მოქცევა, მაგრამ აქედანვე ხელების ჩამოყრა, დანებება და არანაირი წინააღმდეგობის გაწევა, რა თქმა უნდა, ძნელი გასაგებია.
საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი უკრაინის ომის პარალელურად, კიევის მიერ ასეთი განაცხადის გაკეთების შემდეგ გააკეთა. მეორე მხრივ, ომის დროს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები დაიძაბა, უკრაინამ გაიწვია ელჩიც. არიან თუ არა საქართველო და უკრაინას ამ პროცესში ერთ დონეზე და რა გავლენას ახდენს საქართველოს შანსებზე უკრაინასთან გართულებული დიპლომატიური ურთიერთობები?
ამჟამად მე ვერ ვხედავ რაიმე უტყუარ მტკიცებულებას, რომ საქართველოს მთავრობა ნამდვილად აკეთებს ყველაფერს, რათა სარწმუნო განაცხადი ჰქონდეს. ჩვენ წევრობაზე არ ვსაუბრობთ. როგორც ვთქვი, ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ძალიან პროევროპულები.
ჩვენ ვხედავთ ასი ათასობით მოქალაქეს უკრაინის მხარდასაჭერ აქციებზე, ქართველები ფულს რიცხავენ უკრაინაში. ასევე, მოხალისე მებრძოლებად მიდიან უკრაინის დასაცავად. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რა სჭირდება ახლა უკრაინას – სოლიდარობა, ფული, ხალხი, ყველაფერი, მაგრამ საქართველოს მთავრობის მხრიდან, მათ შორის რეფორმების განხორციელების კუთხით, ასევე იმ რეფორმების კუთხით, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებითაა განსაზღვრული, [სიახლე] არაფერია.
ეს ძალიან დიდი იმედის გაცრუებაა.
ერთი მხრივ, საქართველოს ჰყავს აქტიური, ევროპული სამოქალაქო საზოგადოება, მეორე მხრივ კი, მთავრობა, რომელიც აბსოლუტურად იმის საწინააღმდეგოს აკეთებს, რაც ხალხს სურს. ეს ერთგვარი დილემაა.
ისევ უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობებზე, ამ ყოველივეს გათვალისწინებით, კვლავ რამდენად აქტუალურია ტრიოს ფორმატი, რომელიც მანამდე ქვეყნებმა ერთად შეიმუშავეს?
ამჟამად, ვფიქრობ, უკრაინელებმა საქართველოს მთავრობის მიმართ ნდობა დაკარგეს. მას შემდეგ, რაც საერთო ენა აღარ არსებობს, უკრაინელებს არ სურთ საქართველოს მთავრობასთან მუშაობა.
ვფიქრობ, ძალიან ძნელი იქნება [ტრიოს ფორმატის შენარჩუნება], როდესაც ქვეყნები განსხვავებულ დონეზე არიან.
უკრაინა სრულმასშტაბიან ომშია, საქართველო კი არ იჩენს პოლიტიკურ ნებას, რომ იყოს ამ ფორმატის აქტიური წევრი.
რა რეალისტური მოლოდინები უნდა ჰქონდეს საქართველოს, არსებობს თუ არა იმედის ნაპერწკალი, ან პირიქით, არის თუ არა სკეპტიკური განწყობები საქართველოსადმი და რა არის საჭირო თბილისის შანსების გაზრდისთვის?
ამ შანსების გასაზრდელად საჭიროა იმის შესრულება, რაზეც უკვე შევთანხმდით – ასოცირების შეთანხმება, შარლ მიშელის შეთანხმება, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, საარჩევნო კანონმდებლობა, პარლამენტში ოპოზიციური პარტიების უფლებების გაზრდა, ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობთ, ერთი წლის წინ იდო მაგიდაზე.
ეს იქნებოდა ბაზისი ჩვენი მოლაპარაკებებისთვის.
რაც შეეხება მოლოდინებს, ეს ძალიან ძნელია. სამწუხაროდ, საქართველოში არასწორი მოლოდინებია. მე ვერ ვხედავ დიდ სურვილს ევროკავშირის მხრიდან, მიანიჭოს [საქართველოს კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი], იმ დროს, როდესაც საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს.
ვხვდები თქვენს პასუხს, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მათ შორის, ვგულისხმობ რუსეთისგან მომავალ ხილულ საფრთხეებს, რამდენად შესაძლებელია, მაგალითად, განაცხადების დაჩქარებული წესით განხილვა, ან თუნდაც პროცედურების შემჭიდროებულ დროში ჩატარება?
თუ რეფორმები დაიწყება – კი, მაგრამ თუ არა, მაშინ ვერ ვხედავ ასეთ შესაძლებლობას.
ნებისმიერი და ყველა პროცესი პირობებზეა დამყარებული.
როდესაც გინდა ევროკავშირის წევრი გახდე, მაგრამ მაშინ, როდესაც არაფორმალური შეთანხმებაც მიუღებელია, მაშინ რა შეიძლება რომ გაკეთდეს. საქართველოს მთავრობის ხელთაა, დაამტკიცონ, რომ ამას [ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება] სერიოზულად განიხილავენ და არა უბრალოდ საჯაროობისთვის.
უფრო გასაგები რომ იყოს, გარდა იმისა, რომ საქართველო ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება ევროკავშირის წევრობას, გარდა ამისა, რა პრაქტიკული ბენეფიტის მატარებელი შეიძლება იყოს ეს საქართველოსთვის?
ეს გულისხმობს სოციალურ, გარემოსდაცვით, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროების რეფორმებს.
ეს გულისხმობს ცხოვრების ყველა დონის გაუმჯობესებისკენ მიმართულ რეფორმებს. ასევე, უფრო მიმზიდველი გარემოს შექმნა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის. ცხოვრების დონე რომ უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ახლაა.
საუბარი უკრაინასთან დაკავშირებული თემით დავიწყეთ. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოუწოდა გერმანიისა და საფრანგეთის ყოფილ ლიდერებს, სარკოზისა და მერკელს, რომ ქალაქ ბუჩაში ჩავიდნენ და რუსეთის მიერ ჩადენილი უდანაშაულო მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა ნახონ. როგორ ფიქრობთ, უნდა ველოდოთ თუ არა დასავლეთისგან რუსეთის მიმართ სანქციების ახალ ტალღას და რა შეიძლება ეს იყოს?
რა თქმა უნდა. ეს შეიძლება მოიცავდეს უფრო მეტ ბანკს, რუსი ოლიგარქების აქტივების გაყინვას, ასევე, ენერგეტიკული სექტორის გადახედვას.
შეიძლება ბუჩის ხოცვა-ჟლეტა გახდეს მაგალითად რუსულ გაზზე უარის თქმის მიზეზი?
შესაძლოა, დაუყოვნებლივ გაზი არ იყოს, მაგრამ უტყუარად შევეცდებით რუსული ნავთობისგან დისტანცირებას.
ჩვენ ვხედავთ, რომ სანქციები ეფექტურია. რუბლი უფასურდება. ჩვენ კიდევ უფრო უნდა დავამსხვრიოთ რუსული ეკონომიკა, რათა პუტინმა ვერ შეძლოს რუსული საბრძოლო მანქანის დაფინანსება.
სტატია მომზადებულია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს ორგანიზაციის პოზიციას.