ახალი ამბები

ივანიშვილის ხელისუფლების შემდეგ ტერიტორიები აღარ დაგვიკარგავს – კობახიძე

23 მაისი, 2022 • 1412
ივანიშვილის ხელისუფლების შემდეგ  ტერიტორიები აღარ დაგვიკარგავს – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიები აღარ დაუკარგავს. ამის შესახებ მან დღეს, 23 მაისს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისთვის საფუძველი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა და სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო იმ პოლიტიკური ძალის დამფუძნებელი, რომელმაც „რუსული საქმის მაკეთებელი ძალა“ გაისტუმრა.

ამიტომ კობახიძის თქმით, „ფეიკია“, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია. მისი თქმით, 10 წელია ივანიშვილს რუსეთთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, მათ შორის არც ბიზნესისა და პოლიტიკის კუთხით.

„თქვენ ხომ იცით, რომ ზუსტად ამ პოლიტიკურმა ძალამ, „ნაცმოძრაობამ“ ჩააბარა რუსეთს ტერიტორიების 20%. როგორ ჩააბარა? ამას წინ რა უძღოდა? – მანამდე საზღვრები აღადგინა სამხრეთ ოსეთის, ესეც, ხომ იცით, 2005  წელს გააკეთა. ფაქტია, რომ შემოხაზეს ხელახლა სამხრეთ ოსეთის ოლქის საზღვრები, რომელიც იყო გამსახურდიას ხელისუფლების დროს გაუქმებული, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ ჩაატარა ალტერნატიული, სეპარატისტული არჩევნები, ზემო აფხაზეთი დაარქვეს კოდორის ხეობას და ა.შ. წლები ამზადებდნენ საფუძველს, რომ რუსეთს წაეღო საქართველოს ტერიტორიების 20% და გაატანეს ეს 20% რუსეთის ფედერაციას.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც მან დააფუძნა 2012 წელს, როდესაც გაისტუმრა კრიმინალური რეჟიმი, მისი შედეგებია –  ჩვენ აღარ დაგვიკარგავს ტერიტორიები მას შემდეგ, ანუ მანამდე რუსეთს ჰქონდა მუდმივი პროგრესი საქართველოში და ჩვენი ხელისუფლების დროს ეს პროგრესი შეწყდა“, – განაცხადა კობახიძემ.


ანტისაოკუპაციო მოძრაობა “გააერთიანე საქართველო – ძალა ერთობაშიას” მიერ 2020 წელს შეგროვებული მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ, მცოცავი ოკუპაციის შედეგად, საქართველომ 35 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგა.

იმის გასაგებად, თუ რამდენ კვადრატული მეტრ მიწაზე დაკარგა საქართველოს ხელისუფლებამ კონტროლი „მცოცავი ოკუპაციის“ პირობებში, მაშინ „ბათუმელებმა“ სუს-საც  მიმართეს და სთხოვეს, მოეწოდებინა იმ სოფლების ჩამონათვალი, სადაც მიმდინარეობს ბორდერიზაცია და მცოცავი ოკუპაცია.

თუმცა უწყებიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეიცავდა სოფლების სრულ ჩამონათვალს, სადაც საოკუპაციო ძალები მავთულხლართებს აბამენ. უწყებაში ასევე არ უპასუხეს კითხვას, რამდენ კვადრატულ კილომეტრზე დაკარგა ქვეყანამ კონტროლი. .

„ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი 2011 წელს დაიწყო, რომლის პირველი ნიშნები 2009 წელს გამოვლინდა. ის ხელოვნური ბარიერების, ღობეების, მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების ინსტალაციას, მიწათხრილების, ტრანშეების და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების მოწყობას გულისხმობს…
2012 წლის შემდეგ 35 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაიკარგა – ანტისაოკუპაციო მოძრაობა

მასალების გადაბეჭდვის წესი