„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ „აგიტაცია შეწყვიტოს“. ამის შესახებ მან დღეს, 23 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ „რადიკალური ოპოზიციიდან“ კონკრეტული პოლიტიკოსები ევროკავშირის სტრუქტურებში დერეფნებსა და კაბინეტებში დადიან და საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებენ.
„ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის მხრიდან. საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც საქართველოში არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა უნდა.
შესაბამისად, მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, ერთხელ მაინც გადადონ გვერდზე საკუთარი მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ზრახვები და შეწყვიტონ აგიტაცია-პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის მსგავსი განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” და “მათთან აფილირებული” ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ცდილობენ საქართველოს EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელი შეუშალონ. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ამის შესახებ მას ბრიუსელში ვიზიტისას უთხრეს.
“სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ გვარებს და სახელებს, ცნობილი ლიდერები არიან, მითხრეს – რა ხდება, რა უბედურება გჭირთ, რომ ჩამოდიან თქვენი ოპოზიციის წარმომადგენლები და გვეუბნებიან, რომ იქნებ რაიმენაირად პოზიტიური გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული საქართველოსთან მიმართებაშიო”, – თქვა ღარიბაშვილმა 21 მაისს ჟურნალისტებთან.