ახალი ამბები

მაკრონმა მოლდოვას გრძელვადიანი მხარდაჭერა აღუთქვა და ევროკომისიის შეფასების დაჩქარება ისურვა

20 მაისი, 2022 • 841
მაკრონმა მოლდოვას გრძელვადიანი მხარდაჭერა აღუთქვა და ევროკომისიის შეფასების დაჩქარება ისურვა

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სურს, ევროკომისიამ სწრაფად მოამზადოს შეფასება მოლდოვის განაცხადზე.

ამის შესახებ მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრაზე განაცხადა. მაკრონმა სანდუს ელისეის სასახლეში უმასპინძლა და უკრაინის კრიზისის ფონზე გრძელვადიანი მხარდაჭერა აღუთქვა. ერთობლივ ბრიფინგზე საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ არ არის გამორიცხული რისკი იმისა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი სხვა მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს.

„რუსეთის მხრიდან უკრაინის მიუღებელი აგრესია საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის სტაბილურობას და განსაკუთრებით მოლდოვას. დნესტრისპირეთის რეგიონში ბოლოდროინდელი ინციდენტები აჩვენებს, რომ კონფლიქტის მეზობელ ქვეყნებში გავრცელება არ არის გამორიცხული. საფრანგეთი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს რეგიონში უსაფრთხოების ვითარებას და მოლდოვას სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ნებისმიერ თავდასხმას. როგორც უკრაინის მეზობელს, მოლდოვა განსაკუთრებით მძიმე ჰუმანიტარული ვითარების წინაშეა. მოლდოვისა და მისი ხალხის მიერ გამოვლენილი გულუხვობა ომიდან გაქცეული ლტოლვილების მიმართ, იმსახურებს ჩვენს აღფრთოვანებას“, — განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ მოლდოვის მხარდაჭერის პლატფორმის მეშვეობით, საფრანგეთი, გერმანია და რუმინეთი ცდილობენ, მოლდოვამ მიიღოს ყველა საჭირო დახმარება.

მაკრონმა ისაუბრა მის ინიციატივაზე ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის შექმნის შესახებ და თქვა, ეს საზოგადოება არ არის გაწევრიანების პროცესის ალტერნატივა, არამედ ის დანამატი, რომელიც მისგან დამოუკიდებლად შესაძლებელს ხდის ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო ურთიერთობების უფრო მჭიდრო სტრუქტურირებას რამდენიმე ქვეყანასთან, რომელთაც ეს სურთ.

მაია სანდუმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მოლდოვამ მკაცრად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და მიიღო დევნილები, რომელთაგან 90 000 ისევ რჩება მოლდოვაში.

„ჩვენ ვაფასებთ საფრანგეთის როლს, გერმანიასა და რუმინეთთან ერთად, მოლდოვის მხარდაჭერის პლატფორმის ორგანიზებაში, რომელიც მიზნად ისახავს დაგვეხმაროს ომის შედეგების, ინფლაციისა და ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში, რომელსაც ჩემი ქვეყანა აწყდება. ასევე, განვიხილავთ მოლდოვის ევროპულ დღის წესრიგს. ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება და ამ მისწრაფებების ფონზე მივესალმები პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივას, შექმნას ევროპული პოლიტიკური საზოგადოება, რომელიც მხარს დაუჭერს და დააჩქარებს ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პროცესს“, — განაცხადა მაია სანდუმ.

სანდუს თქმით, მოლდოვას ესმის, რომ ევროინტეგრაცია იქნება ხანგრძლივი და რთული პროცესი და არ ეძებს გაწევრიანების სწრაფ გზას.

მოლდოვის პრეზიდენტი მიმდინარე კვირას ეწვია ბელგიას და საფრანგეთს. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, მან სიტყვით მიმართა ევროპარლამენტს, რომელმაც მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერი რეზოლუცია მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი