ახალი ამბებიკომენტარი

ლინკოლნ მიტჩელი: რატომ ანერვიულებს პუტინი საქართველოს

17 მაისი, 2022 • 4034
ლინკოლნ მიტჩელი: რატომ ანერვიულებს პუტინი საქართველოს

ავტორი: ლინკოლნ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლის ლექტორი.

მიტჩელის მოსაზრება გამოქვეყნდა „სი-ენ-ენ“-ზე. „ნეტგაზეთი“ მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ.


პანდემიის შემდეგ პირველად საქართველოს დედაქალაქში, თბილისში ჩავედი. ბარგი ბინაში დავტოვე, გარეთ გავედი და შენობის კედელზე შევამჩნიე წარწერა „F*ck Putin“. რამდენიმე მეტრში მსგავსი განცხადება იყო რუსულ ენაზე. იქვე ჩემმა მეგობარმა კიდევ ერთი მსგავსი განცხადება შენიშნა, ამჯერად ქართულ ენაზე.

ამ ქვეყანაში ანტი-რუსული განყწობები ძალიან ძლიერია, უკრაინის მხარდასაჭერი ბანერები თუ წარწერები ყველგანაა. რუსთაველის გამზირზე მოხუცი ქალბატონი ყიდდა დროშებს, სამკლაურებს და უკრაინული დროშის ფერების სხვა სიმბოლიკას.

ბევრ რესტორანს შესასვლელთან გაკრული აქვს განცხადება, რომელშიც მიესალმება „ყველას, ვინც მიიჩნევს, რომ პუტინი სამხედრო დამნაშავეა“ და უკრაინის ლურჯ-ყვითელი დროშა ქართული წითელ-თეთრი დროშის ნაცვლად. ისე ჩანს, თითქოს ლურჯი და ყვითელი ქვეყნის ოფიციალური ფერებია.

როგორც მითხრეს, დაახლოებით 3000 ქართველი უკრაინაში იბრძვის. მინიმუმ ცხრა მათგანი დაიღუპა. უკვე დაწყებულია რუსეთის სხვა სახის შემოჭრა საქართველოში – ათასობით რუსი ჩამოვიდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ზოგი მათგანი აქ შეიძლება ანტი-პუტინისტური შეხედულებების გამო იყოს, მაგრამ ადგილობრივი კონტაქტების უმრავლესობა მეუბნება, რომ რუსები თბილისში ფულის დახარჯვის შესაძლებლობის ქონის სურვილის გამო არიან.

თბილისში დაძაბულობა ქართველებსა და რუსებს შორის ზოგჯერ საკმაოდ მაღალია. როცა ქართველ მეგობარს ყავის დასალევად შევხვდი, მითხრა: „კეთილი იყოს შენი მობრძანება თბილისში, ყველაზე რუსულ ქალაქში კავკასიაში“. მეორე მეგობარი მომიყვა, როგორ ადღეგრძელებდნენ რუსები თავიანთ სამხედროებს, რასაც კინაღამ ჩხუბი მოჰყვა.

საქართველო, უკრაინის მსგავსად, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. ამ ქვეყანაში რუსეთის შემოჭრა არა აბსტრაქტული შიში, არამედ ცოტა ხნის წინანდელი რეალობაა. 2008 წელს, ხანმოკლე ომმა გაამყარა რუსეთის კონტროლი საქართველოს ორ რეგიონზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. ომი დამთავრდა მაშინ, როცა პუტინმა გადაწყვიტა, რომ საწადელს მიაღწია – დაამყარა კონტროლი ამ რეგიონებზე და აჩვენა საქართველოს რუსეთის ძალა.

უკრაინაში შეჭრისგან განსხვავებით, დანარჩენმა მსოფლიომ მაშინ დიდწილად არაფერი მოიმოქმედა. ზოგი ადგილობრივი შიშობს, რომ რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემთხვევაში რეაქცია ასეთივე იქნება. სხვებს, ვისაც ვესაუბრე, სჯერა, რომ დასავლეთის ერთიანობა და მედგრობა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოზეც გავრცელდება რუსეთის შემოჭრის შემთხვევაში. უმრავლესობა ამჯობინებს, ამ კითხვაზე პასუხი არ გაიგოს.

საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში იგრძნობა მღელვარება რუსეთის კიდევ ერთ შეჭრასთან დაკავშირებით. მმართველ პარტიასთან დაკავშირებულმა დეპუტატმა გამიზირა თავისი შიში, რომ პუტინის მიერ უკრაინაში სწრაფი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, საქართველო შემდეგი იქნებოდა. თუმცა, რამდენიმე აკადემიკოსი და აქტივისტი აღნიშნავს, რომ თუ პუტინს უკრაინაში გაუჭირდა, სადმე სწრაფი გამარჯვება დასჭირდება და შეიძლება, საქართველოსკენ შემობრუნდეს.

ხანდაზმულმა სახელმწიფო მოღვაწემ და დიპლომატმა აღნიშნა, რომ პუტინი საკმარისად არაპროგნოზირებადია იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი საბაბით, ან საერთოდ საბაბის გარეშე, საქართველოში შემოიჭრას.

წინა კვირას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას, მან შეაჯამა საქართველოს შფოთვა. „დღეს მათ (რუსეთმა) შეიძლება არაფერი მოიმოქმედონ, მაგრამ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ხვალ შეიძლება სახის შესანარჩუნებლად რამის გაკეთება მოინდომონ“. ზურაბიშვილმა დაამატა, რომ „[შეჭრის] პრევენცია დამოკიდებულია ქვეყნის ერთიანობასა და მოკავშირეებთან უფრო ძლიერ კავშირებზე“.

ომმა გაამწვავა არსებული პოლიტიკური დაძაბულობა ისედაც პოლარიზებულ ქვეყანაში. მთავრობასთან დაახლოებული ხალხი ხაზს უსვამს ომის თავიდან აცილების აუცილებლობას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს რუსეთის მიმართებაში მკაცრ რიტორიკულ პოზიციაზე უარის თქმას ნიშნავს. ოპოზიციასთან ახლოს მყოფი რამდენიმე ადამიანი, მათ შორის დეპუტატი წამყვანი ოპოზიციური პარტიიდან კი მიიჩნევს, რომ მთავრობა, მართალია, მონაწილეობს სანქციებში, მაგრამ ძალიან შემწყნარებელია რუსეთის მიმართ.

დავა იმის შესახებ, თუ როგორი რეაგირება უნდა ჰქონდეს საქართველოს უკრაინაში მიმდინარე ომზე, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობის ფონზე მიმდინარეობს. იგი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და სხვა ბრალდებების გამოა პატიმრობაში. სააკაშვილი ბრალს არ აღიარებს. მის პატიმრობასთან დაკავშირებით დიდი უთანხმოებაა, მაგრამ ბრალდებები, როგორც მინიმუმ, საკმაოდ დამაჯერებელია. თავად სააკაშვილი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

საინტერესოა, რომ სააკაშვილის ცუდი მდგომარეობა და ოპოზიციის ბრალდებები, რომ მთავრობა დავალებებს კრემლისგან იღებს, ომის ფონზე ჩაიკარგა. ქართველები, ვისაც ვესაუბრე, ყურადღებას ამახვილებდნენ დაუსრულებელ დაპირისპირებაზე სააკაშვილსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის. ეს დაპირისპირება ათ წელიწადზე მეტია განსაზღვრავს ქართულ პოლიტიკას.

საქართველო გვახსენებს, რომ მიუხედავად პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გამოთქმული სწორი შეშფოთებისა, რომ ომის ესკალაციამ შეიძლება რუსეთსა და ნატოს შორის პირდაპირი კონფლიქტი და შეიძლება „მესამე მსოფლიო ომიც“ გამოიწვიოს, არსებობს ადგილები, სადაც ომი შეიძლება გავრცელდეს. ყველაზე დიდი ალბათობით, ეს ადგილები საქართველო და მოლდოვაა – რომელსაც საქართველოს მსგავსად აქვს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დნესტრისპირეთის სახელით ცნობილ რეგიონში.

მიუხედავად საქართველოს წინაშე მდგარი საშიში ვითარებისა, ზურაბიშვილი საკუთარი ქვეყნისთვის სინათლის სხივს ხედავს, კრემლის წინააღმდეგ ევროპის ერთიანობის გამო. „გვაქვს შანსი, რომელიც არ გვქონდა ომამდე. ეს შანსი გზაა ევროკავშირისკენ. არ გვაქვს უფლება, ამ შანსზე უარი ვთქვათ“, – მითხრა მან.

ნაკლებად სავარაუდოა, ნატო და ევროკავშირი საქართველოს ან მოლდოვას ახლო მომავალში იყოს, მაგრამ ომი უკრაინაში ცვლის საერთაშორისო პოლიტიკასა და გეოპოლიტიკურ რეალობას. თუ ომის ესკალაცია არ მოხდა და რუსეთი საქართველოსა და მოლდოვაში არ შეიჭრა, სავსებით შესაძლებელია, რომ ისინი მოახერხებენ უსაფრთხოების უფრო სანდო ზომების მიღებას ან დააჩქარებენ დიდხანს არსებული საგარეოპოლიტიკური მიზნების მიღწევას. თუმცა შესაძლებელია ისიც, რომ ისინი რუსეთთან ომში ჩაბმულნი აღმოჩნდებიან და გაუგებარი იქნება, კონკრეტულად ვინ, ან საერთოდ ვინმე თუ აღმოუჩენს მათ დახმარებას.


თარგმანი: ნიკა ბურდული

მასალების გადაბეჭდვის წესი