ახალი ამბები

ერდოღანის თქმით, თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს

16 მაისი, 2022 • 1416
ერდოღანის თქმით, თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი არ დაუჭერს მხარს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

თურქული გამოცემა Daily Sabah-ის ცნობით, აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ერდოღანმა შვედეთი და ფინეთი ტერორიზმის შესახებ მკაფიო პოზიციის არდაფიქსირებისთვის გააკრიტიკა და ასევე აღნიშნა, რომ შვედეთისა და ფინეთის წარმომადგენლების მცდელობას, რომ თურქეთი ნატოსთან დაკავშირებით გადაარწმუნონ, აზრი არ ექნება:

“არცერთ ქვეყანას [შვედეთს და ფინეთს] არ აქვს მკაფიო პოზიცია ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ. უპირველეს ყოვლისა, თანხმობით არ ვუპასუხებთ მათ თხოვნას ნატოში გაწევრიანებაზე, ვინც თურქეთს სანქციებს უწესებს. ისინი ამბობენ, რომ თურქეთში ჩამოვლენ. ჩვენს გადასარწმუნებლად ჩამოვლენ? უკაცრავად, მაგრამ არ უნდა შეწუხდნენ”, – თქვა ერდოღანმა.

ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისთვის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

ფინეთმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება ოფიციალურად გუშინ, 15 მაისს დაადასტურა, შემდეგ კი შვედეთმა განაცხადა, რომ იმუშავებს ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანაზე.

რუსეთის მიერ ჯერ უკრაინის საზღვართან ჯარის მობილიზების, შემდეგ კი ფართომაშაბიანი ომის ფონზე გააქტიურდა დისკუსია ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა იანვრის ბოლოს განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოს უახლოესი პარტნიორები არიან და თუ ისინი წევრობაზე განაცხადს შეიტანენ, შესაძლებელია გადაწყვეტილების სწრაფად მიღება.

ნახეთ ვრცლად: რას ნიშნავს ფინეთის ნატოში შესვლა რუსეთისთვის, თავად ალიანსისა და საქართველოსთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი