საზოგადოება

რას ნიშნავს ფინეთის ნატოში შესვლა რუსეთისთვის, თავად ალიანსისა და საქართველოსთვის

13 მაისი, 2022 • 5079
რას ნიშნავს ფინეთის ნატოში შესვლა რუსეთისთვის, თავად ალიანსისა და საქართველოსთვის

ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას. სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში ალიანსში გაწევრიანებისთვის განაცხადს ქვეყნის პარლამენტიც დაამტკიცებს. მოსალოდნელია, რომ ფინეთის მსგავსად, ნატო-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს შვედეთის მთავრობაც.

ჩრდილოეთ ევროპის ორი ქვეყნის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობას ანალიტიკოსები ისტორიულ მოვლენად აფასებენ, გამომდინარე იქიდან, რომ ათწლეულების მანძილზე ქვეყნებს სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკა ჰქონდათ დეკლარირებული. თუმცა უკრაინაში რუსეთის ომმა ფინეთი და შვედეთი დააფიქრა უსაფრთხოების პოლიტიკის გადახევდაზე.

რას ცვლის რუსეთისთვის ჩრდილოეთ ევროპაში ნატო-ს გაფართოება

ფინეთიც და შვედეთიც ევროკავშირის წევრი, დემოკრატიული ქვეყნები არიან, რომლებსაც ნატოს-თან ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებთ და ალიანსის რამდენიმე მისიაშიც მონაწილეობდნენ. თუმცა ორივე ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამხედრო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა და ამ დრომდე არცერთი მათგანი ნატო-ს წევრი არაა.

ანალიტიკოსების აზრით, მიზეზი, რის გამოც ფინეთი ნატო-ს არ უერთდებოდა – პრაგმატიზმია.

ფინეთი რუსეთის უშუალო მეზობელია, რომელსაც რუსეთთან დაახლოებით 1300-კილომეტრიანი საზღვარი აქვს.  რუსეთის ერთსაუკუნოვანი მმართველობის შემდეგ ფინეთმა დამოუკიდებლობა 1917 წელს მოიპოვა და მეორე მსოფლიო ომამდე მისმა ჯარებმა ორჯერ დაამარცხეს საბჭოთა კავშირი, სანამ ტერიტორიების თითქმის 10%-ის დათმობდნენ.

რუსეთ-ფინეთის საზღვრის სიგრძე ოდნავ მეტია, ვიდრე  რუსეთსა და ნატო-ს შორის დღეს არსებული საზღვარი. შესაბამისად, თუ ფინეთი ნატო-ს წევრი გახდება, რუსეთსა და ნატო-ს შორის საზღვრის სიგრძე გაორმაგდება.

„ფინეთის უსაფრთხოება ყოველთვის ემყარებოდა ორ კონცეფციას: პირველი- გეოგრაფია და ისტორია, მეორე- იდეალიზმი და რეალიზმი. იდეალურ სამყაროში ჩვენ გვინდა ვითანამშრომლოთ რუსეთთან, რომელიც ჩვენი გეოგრაფიული მეზობელია და ვერ გავექცევით. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით ისტორიიდან, რომ ყველაზე დიდი რეალისტური საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის რუსეთია.

დროთა განმავლობაში, რეალობა, რომ რუსეთს სურს შექმნას უფრო დიდი ქაოსი ჩვენს რეგიონში, კიდევ უფრო ნათელი გახდა. ამიტომ ნატო-ში გაწევრიანება ხდება პრაგმატული ვარიანტი“, – განუცხადა CNN-ს ფინეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე სტაბმა.

რაც შეეხება შვედეთს, ფინეთისგან განსხვავებით,  ის არ არის რუსეთის მეზობელი და მისთვის ნეიტრალიტეტი იდენტობისა და იდეოლოგიის საკითხი იყო. მისი ომისშემდგომი საგარეო პოლიტიკა ფოკუსირებული იყო მრავალმხრივ დიალოგსა და ბირთვულ განიარაღებაზე. ის დიდი ხანი ხედავდა საკუთარ თავს როგორც შუამავალს საერთაშორისო ასპარეზზე და ცივი ომის შემდეგ თავის არმიის მოცულობას ამცირებდა.

თუმცა ეს ყველაფერი  2014 წელს შეიცვალა, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ყირიმის ანექსია მოახდინა. ქვეყანაში ჯარში გაწვევა აღდგა და თავდაცვის ხარჯები გაიზარდა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამ კი ორივე ქვეყანაში უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვა გამოიწვია. ბოლო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ ნატო-ს წევრობისადმი საზოგადოების მხარდაჭერა თითქმის სამჯერ გაიზარდა. ფინეთში ალიანსში გაწევრიანებას დაახლოებით 75% უჭერს მხარს,  შვედეთში კი ეს რიცხვი 60% -მდე გაიზადრა.

მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის წევრები არ არიან, ჩრდილოეთ ევროპის ორივე ქვეყანა მაღალი დონის საბრძოლო აღჭურვილობას ფლობს და მათი სამხედროებიც ნატო-სთან თავსებადად მიიიჩნევიან. ამასთან, ფინეთი უკვე აკმაყოფილებს ნატო-ს თავდაცვითი ხარჯების მიზანს, რაც გულისხმობს მთლიანი მშპ-ს 2%-ის შეიარაღებაზე დახარჯვას, შვედეთი კი აპირებს, რომ თავდაცვის ხარჯები გაზარდოს.

დღეისათვის ფინეთისა და შვედეთის სამხედრო შესაძლებლობები ასე გამოიყურება:

აქედან გამომდინარე, სამხედრო თვალსაზრისით, ფინეთისა და შვედეთის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთ ევროპაში ნატოსთვის დამატებითი რესურსი იქნება, რომელიც რუსეთთან საზღვრის სიგრძის ორჯერ გაზრდით ალიანსის თავდაცვაში არსებულ ხვრელს ამოავსებს და ბალტიის რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას გააუმჯობესებს.

ორივე ქვეყნის ნატო-სთან პარტნიორობისა და თავსებადობის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში მთავარი ცვლილება მათზე ნატო-ს მე-5 მუხლის გავრცელება იქნება, რომელიც კოლექტიური თავდაცვის უფლებას შეეხება. ასევე, ნატო-ში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ფინეთს და შვედეთს ექნებათ უსაფრთხოების გარანტიები ბირთვული სახელმწიფოებისგან.

შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ფინეთისა და შვედეთისათვის ნატო-ს კარი ღიაა და, როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ორივე ქვეყანას გაშლილი ხელით შევხვდებიან, თუ ისინი განაცხადს გააკეთებენ.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანებამდე რუსეთისგან საფრთხე დაემუქრებათ, გარდამავალ პერიოდში მხარდაჭერასაც ჰპირდებიან. მიმდინარე კვირაში დიდმა ბრიტანეთმა ორივე ქვეყანასთან  უსაფრთხოების დეკლარაციები გააფორმა.

რა რეაქცია ექნება რუსეთს

ნატო-ს მოსალოდნელი გაფართოება შეშფოთებას იწვევს რუსეთისთვის, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით ალიანსთან თავის საზღვრის  მხოლოდ 6%-ს იყოფს და თავს მაინც “ალყაში მოქცეულად” გრძნობს.

რუსეთი, რომელიც თავის სამეზობლოში ნატო-ს გაფართოებას ეწინააღმდეგება და უკრაინაში ომის დაწყებამდე ითხოვდა საზღვრებთან თავდასხმითი სისტემების განლაგებაზე უარის თქმას და ევროპაში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის მდგომარეობამდე დაბრუნებას, ალიანსის ჩრდილოეთით გაფართოებით ნატოსთან გაორმაგებულ საზღვრებს მიიღებს.

ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტეს თქმით, სწორედ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია დამნაშავე მისი ქვეყნის მიერ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების გამო.

მისი თქმით,  თუ ფინეთი ნატო-ში შევა და რუსეთი დაუსვამს კითხვას – რატომ, მისი პასუხი იქნება: “ეს თქვენ გამოიწვიეთ – ჩაიხედეთ სარკეში“.

ჩრდილოეთ ევროპაში ნატო-ს  გაფართოების ინიციატორად ვლადიმერ პუტინს მიიჩნევს კორნელი კაკაჩიაც – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი. როგორც ის ნეტგაზეთთან ამბობს, დღეს უკრაინაში რუსეთის აგრესიის მასშტაბმა გეოპოლიტიკური კალკულაცია შეცვალა როგორც დასავლეთისთვის, ისე შვედეთისა და ფინეთისთვისაც.

მისი თქმით, როგორც არ უნდა დამთვარდეს უკრაინაში ომი, 24 თებერვლამდე არსებული გეოპოლიტიკური წესრიგი იგივე ვერ იქნება, რადგან აქ რუსეთი ომს აშკარად აგებს.

„რუსეთმა თავის სამეზობლოში ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მიუღებლობასთან დაკავშირებით იმდენი ისაუბრა, მოახერხა, რომ ბოლოს ყველაზე ნეიტრალური სახელმწიფოები, რომლებიც ცივი ომის დროს ნეიტრალიტეტის კლასიკური ნიმუში იყვნენ და ხანდახან უკრაინას და საქართველოს მოუწოდებდნენ დასავალელი პარტნიორები, რომ იქნებ ნატო-ში შესვლა არ ღირდეს და შვედეთისა და ფინეთისაგან აიღოთ მაგალთიო… ისინიც კი აიძულა [პუტინმა], რომ ეს გადაწყვეტილება მიეღოთ.

ამავე დროს, ამ ნაბიჯით ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა და კოლექტიურმა დასავლეთმა დასაჯა კიდეც რუსეთი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ის არის, რისი ნახვაც პუტინს არ უნდოდა. ამას აბსოლუტურად არ ელოდებოდა, მისი კალკულაცია სულ სხვა იყო, რომ უკრაინას დაიპყრობდა, იმპერიას აღადგენდა, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შემოიერთებდა და ამით ნატო-ს და ევროკავშირს დაასრულებდა. მგონი, პირიქით მიიღო“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

თავის მხრივ, რუსეთი აცხადებდა, რომ ფინეთის და შვედეთის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებას სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება, რაც რუსეთის მხრიდან „საპასუხო ნაბიჯებს“ გამოიწვევს. თუმცა, რა იგულისხმება საპასუხო ნაბიჯებში, არ დაუკონკრეტებიათ.

ნატო-ში გაწევრიანებაზე ფინეთის ლიდერების გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  ჰელსინკი დაადანაშაულა საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების დარღვევაში.

კერძოდ, რუსული მხარის განცხადებით, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება არღვევს პარიზის 1947 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებას, „რომელიც ითვალისწინებს მხარეების ვალდებულებას, არ შევიდნენ ალიანსებში ან არ მიიღონ მონაწილეობა კოალიციებში, რომლებიც მიმართულია ერთ-ერთი მათგანის წინააღმდეგ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  ასევე ირღვევა 1992 წლის ხელშეკრულება რუსეთსა და ფინეთს შორის ურთიერთობების საფუძვლების შესახებ, რომლის თანახმადაც, „მხარეები თავს შეიკავებენ მეორე მხარის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მუქარისგან, ან ძალის გამოყენებისგან, არ გამოიყენებენ ან დაუშვებენ თავიანთი ტერიტორიის გამოყენებას მეორე მხარის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიისთვის“.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი იძულებული იქნება გადადგას საპასუხო ნაბიჯები როგორც სამხედრო-ტექნიკური, ასევე, სხვა ხასიათის, რათა ამ მხრივ წარმოქმნილი საფრთხეები შეაჩეროს.

კორნელი კაკაჩიას შეფასებით, რუსეთის მხრიდან ამ ხელშეკრულებების დარღვევაზე საუბარი ცინიზმის კლასიკური მაგალითია. მისი თქმით,  საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევით ცნობილი სწორედ რუსეთია  და  მას მორალური უფლებაც არ აქვს, ამის შესახებ ისაუბროს.

კორნელი კაკაჩია ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

„რომელ ხელშეკრულებებზეა ლაპარაკი, გადახედოს, თავად რომელი ხელშეკრულებები შეასრულა რუსეთმა, თუნდაც საქართველოსთან, უკრაინასთან ან ნებისმიერი საერთაშორისო ხელშეკრულება[….] იმის შემდეგ [რუსეთის მიერ დასახელებული ხელშეკრულებები]  ბევრი რამ შეიცვალა.

რაც მთავარია, რუსეთის ქმედებები შეიცვალა, ის უფრო აგრესიული და არაპროგნოზირებადი გახდა და უკვე არცერთ სახელმწიფოს, მათ შორის მის მეზობელ ფინეთს, არ აქვს იმის გარანტია, რომ ხვალ თავს არ დაესხმება. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულებებზე ლაპარაკი, მით უმეტეს, იმ სახელმწიფოსგან, რომელიც მათ თვითონ არღვევს, ლაპარაკიც ზედმეტია“, – განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

რაც შეეხება რუსეთის საპასუხო რეაქციას, კორნელი კაკაჩიას აზრით, ნაკლებად წარმოსადგენია, რომ რუსეთმა ჩრდილოეთით მეორე ფრონტი გახსნას. მისი თქმით, „თუ ამის თავი ექნება“,  შესაძლოა, პრესტიჟის გამო რუსეთმა  ფინეთის საზღვართან რაღაც სამხედრო ნაწილები გადაიყვანოს და ფორმალურად იარაღი გადაიტანოს იმისათვის, რომ ფინეთი შეაშინოს.

„მაგრამ ამის გამო გადაწყვეტილებას არავინ შეცვლის, არც დასავლეთი. სწორედ ამიტომაც აძლევენ გარანტიებს ბრიტანეთი და სხვა სახელმწიფოები, რომ გარდამავალ პერიოდში ისინი ბოლომდე დაუდგებიან გვერდში. [პუტინი] შიდამოხმარებისთვის თუ გადადგამს რაღაც ნაბიჯებს, თორემ რუსეთს იმის თავი არ აქვს, რომ მეორე ფრონტი დაიწყოს ვინმეს წინააღმდეგ, მით უმეტეს, ფინეთის და შვედეთის წინააღმდეგ. ეს ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენს“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

რა შედეგები ექნება ნატო-ს გაფართოებას საქართველოსა და უკრაინისთვის

რა რეაქცია ექნება რუსეთს ნატო-ს მოსალოდნელ გაფართოებაზე, მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ აქამდე ნატო-ს მოახლოებას თავის საზღვრებთან რუსეთი მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმის საბაბად იყენებდა.

კორნელი კაკაჩიას თქმით, ფინეთისა და შვედეთის მიმართულებით ნატო-ს მოსალოდნელ გაფართოებაზე რუსეთის მხრიდან შესაძლო სუსტი რეაქცია კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ რუსეთისთვის აღნიშნული არგუმენტი მხოლოდ იმ ქვეყნებზე ვრცელდება, რომელთაც თავის გავლენის სფეროებად მიიჩნევს.

„ჩვენ თუ გადავხედავთ საბჭოთა კავშირის და რუსეთის ქცევას მის ნატოელ მეზობლებთან, ყველაზე სტაბილური საზღვარი საბჭოთა კავშირს ჰქონდა თურქეთთან და ნორვეგიასთან. ნატო-ს წევრი ქვეყნისგან მას საფრთხე არასოდეს დამუქრებია და არც დაემუქრება, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. მათ ამ ქვეყნების [საქართველოსა და უკრაინის] ევრაზიულ კავშირში დაბრუნება სურდა და არა იმიტომ, რომ ნატო-სგან საფრთხე იყო.  ახლა, როცა ეს ორი სახელმწიფო გაწევრიანდება, ყველაზე სტაბილური საზღვარი დაემატება რუსეთს ფინეთის მხრიდან“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

კორნელი კაკაჩიას თქმით, ფინეთისა და შვედეთის შემთხვევა საქართველოსთვის საინტერესოა იმითაც, რომ ქვეყნებმა დახმარების დაპირება მიიღეს ნატო-ში გაწევრიანებამდე გარდამავალ პერიოდში საფრთხის შემთხვევაში.

„საქართველო უნდა დააკვირდეს, თუ რა მოხდება  შუალედურ პერიოდში. ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს რომ გააკეთებს ფინეთი, რომელსაც შვედეთიც მიჰყვება, გარკვეული პერიოდი იქნება ტრანზიტული, ბრიტანეთი და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო აპირებს, რომ მისცენ უსაფრთხოების გარანტიები. ეს ძალიან საინტერესო იქნება საქართველოსთვის და უკრაინისთვის.

იმიტომ, რომ როცა საუბარი არის ორი ქვეყნის გაწევრიანებაზე, ხშირად საუბრობენ: „მაპი რომ მოგცეთ, მერე ჩვენ რა გარანტია გვაქვს… ამან კიდევ არ წააქეზოს რუსეთი, რომ ომი დაიწყოს…“. ეს მოდელი იქნება საინტერესო, თუ ფინეთისთვის და შვედეთისთვის შესაძლებელია გარანტიების მიცემა შუალედურ პერიოდში, მაშინ ეს შეიძლება საინტერესო იყოს საქართველოსთვის და უკრაინისთვისაც“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

მასალების გადაბეჭდვის წესი