ახალი ამბები

„სასჯელის ზომა აშკარად არაპროპორციული ჩანს სადაო ქმედებით დამდგარ ზიანთან“ – SJC

16 მაისი, 2022 • 696
„სასჯელის ზომა აშკარად არაპროპორციული ჩანს სადაო ქმედებით დამდგარ ზიანთან“ – SJC

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სისტემური გამოწვევებისა და მართლმსაჯულების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ტენდენციის ფონზე, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიაზე ზეწოლის, პოლიტიკური პოლარიზებისა და კრიზისის გაღრმავებისკენ მიმართული კიდევ ერთი სახიფათო პრეცედენტია.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მოსამართლის მიერ სასჯელის ყველაზე მკაცრი ფორმის გამოყენება, განსახილველი დანაშაულის შინაარსის და ბუნების გათვალისწინებით, აშკარად არაპროპორციული ჩანს სადავო ქმედებით დამდგარ ზიანთან:

„ნიკა გვარამიას ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, კომერციულ მოსყიდვაში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლებით ჰქონდა წარდგენილი. წარდგენილ ბრალდებებიდან, მას მხოლოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის (ორ ეპიზოდში) შეეფარდა გამამტყუნებელი განაჩენი, სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში კი გამართლდა. პირველი, 2015 წლის ეპიზოდი, გვარამიას მიერ საწარმოსთვის არამომგებიანი ხელშეკრულების დადებას (მაქსიმალური თანხის არმიღებას) შეეხება, რაც პროკურატურის პოზიციით, საწარმოს ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვას წარმოადგენდა.

ეს ეპიზოდი მოსამართლემ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად გადააკვალიფიცირა, თუმცა სრულად გაიზიარა კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა (6 763 509 ლარი) და ამ ნაწილში სანქციად ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა. მეორე ეპიზოდი, რის გამოც ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, შპს ,,პროესკო მედიის” მიერ შპს ,,თეგეტა პრემიუმ ვიიქელსგან“ 232 201 ლარად შეძენილი ავტომობილის (,,Porche Macan S”) პირადი მიზნებით ფლობასა და სარგებლობაში გამოიხატა, რამაც, სასამართლოს შეფასებით, კომპანია რუსთავი 2-ს “მნიშვნელოვანი ზიანი” მიაყენა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მძიმე და ნიკა გვარამიას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა“ – აცხადებენ „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“.

ორგანიზაციაში აღიშნავენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს და თავისუფლების აღკვეთის გარდა, უფრო მსუბუქი ტიპის სასჯელებსაც ითვალისწინებს, როგორიცაა, ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო და შინაპატიმრობა:

„ამ ფონზე, გაუგებარია, თუ რა პრინციპით იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა მოსამართლემ, როდესაც იმ ქმედებისთვის, რომლითაც, სასამართლოს მსჯელობით, კომპანია რუსთავი-2 მა 6,7 მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიიღო, ბრალდებულს 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა, ხოლო იმ ეპიზოდზე, სადაც შესაძლო ზიანის ოდენობა ბევრად დაბალია, და თან დაუკონკრეტებელი, ბრალდებულს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დააკისრა“ – აცხადებენ „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“.

ორგანიზაციის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლთან, რომელიც სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს უთითებს. კერძოდ, განცხადების ავტორების თქმით, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სასჯელის დანიშვნისას, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, მოსამართლე აფასებს “ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს”.

განცხადებაში „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ საგულისხმოა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი “მართლსაწინააღმდეგო შედეგი” სწორედ ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანით შეიძლება შეფასდეს. გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამავე მუხლის მიხედვით, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას”:

„დემოკრატიულ საზოგადოებაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება, განსაკუთრებით კი ისეთ საქმეებში, რომლების შესაძლო გავლენაც სცდება კონკრეტული ბრალდების საქმეს და უკავშირდება მედიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას, სარგებლობდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით და ხარისხით. მოცემული განაჩენი კი აჩენს არა მხოლოდ სამართლებრივ კითხვებს განაჩენის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით, არამედ, საფუძვლიან ეჭვებს – სასამართლოს პოლიტიკური მიზნებით ინსტრუმენტალიზების თაობაზე. ამ რეალობაში ცხადია, რომ ძირეულად ინგრევა ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვისა და სახელმწიფო უწყებების თვითნებობის შეკავებისა და კონტროლის ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმია“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„სოციალური სამარტლიანობის ცენტრის“ განცხადებით, განსახილველ საქმეს აქვს პოლიტიკური კონტექსტიც. განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ მოსამართლის მიერ მიღებულმა განაჩენმა, რომლითაც ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელს საპატიმრო სასჯელი შეეფარდა, შესაძლოა ქვეყანაში გამოიწვიოს არა მხოლოდ მედია-გარემოს გაუარესება, არამედ, შიდა პოლიტიკური პოლარიზებისა და კრიზისების გაღრმავება, რაც არსებით გავლენას მოახდენს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე. მით უფრო, რომ ორგანიზაციის განცხადებით, პოლიტიკური პოლარიზების შემცირება, სტაბილური დემოკრატიული განვითარება და მართლმსაჯულების პოლიტიზირების დაძლევა ამ პროცესის ძირეული მოთხოვნებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი