ახალი ამბები

კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ეს არის ევროპული ფილოსოფია — ზარქუა გვარამიაზე

16 მაისი, 2022 • 565
კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ეს არის ევროპული ფილოსოფია — ზარქუა გვარამიაზე

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავება მიუთითებს, რომ „კანონის წინაშე ყველა თანასწორია“. მისივე აზრით, ეს ფაქტი ქვეყნის ევროინტეგრაციას არ შეაფერხებს.

დეპუტატისვე თქმით, „რუსთავი 2-ის“ ქიბარ ხალვაშისთვის დაბრუნებასაც „დემოკრატიის დასამარებად“ მიიჩნევდნენ, თუმცა ამის შემდეგ მედიის თავისუფლების რეიტინგში საქართველომ „რამდენჯერმე წინ წაიწია“.

როგორც ზარქუა ამბობს, გვარამიათი არ მთავრდება „მთავარი არხი“ ისევე, როგორც „რუსთავი 2“ არ დამთავრდა.

“ეს [გვარამიას დაკავება] არ შეაფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს. ევროპული გამოცდილება და ხედვაა სწორედ ის, რომ მიუხედავად პარტიული კუთვინელებისა და საზოგადოებაში სტატუსისა, ყველა თანასწორია კანონისა და სამართლის წინაშე. ეს არის ევროპული გამოცდილება, პრაქტიკა, ხედვა და ფილოსოფია. აქედან გამომდინარე, არა მგონია ვინმეს ასეთი განცდა გაუჩნდეს [რომ ეს არის პოლიტიკური დევნა]”, — განაცხადა ზარქუამ.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენი დღეს, 16 მაისს გახდა ცნობილი. „მთავარი არხის“ დამფუძნებელს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ნიკა გვარამიას დაკავებას ტვიტერზე ეხმაურება და სვამს კითხვას, ხომ არაა ივანიშვილის ხელისუფლების ეს ქმედება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის საბოტაჟი.


დეპუტატ ზარქუას მოსაზრება, თითქოს მედიის თავისუფლების რეიტინგში საქართველომ „რამდენჯერმე წინ წაიწია“, სიცრუეა.

საერთაშორისო ორგანიზაციის – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“(RSF) – თანახმად, 2022 წლისთვის საქართველოში  პრესის თავისუფლების ინდექსი მკვეთრად გაურესდა.

პრესის თავისუფლების კუთხით საქართველო 180 ქვეყნიდან  59.30 ქულით 89-ე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მნიშვნელოვნად, 29 პუნქტით ჩამოქვეითდა. 2021 წელს  საქართველო 71.36 ქულით  მე-60 ადგილს იკავებდა.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში ხშირია სიტყვიერი თავდასხმები და ფიზიკური შეურაცხყოფა ჟურნალისტებზე და აგრესორებს შორის არიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები, განსაკუთრებით, საარჩევნო კამპანიის დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი