ახალი ამბები

საია: გვარამიას განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია

16 მაისი, 2022 • 911
საია: გვარამიას განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია. ასევე, ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლო განაჩენი სამართლებრივად პრობლემურია და არსებობს საეჭვო გარემოებები მართლმსაჯულების განხორციელებასთან მიმართებითაც.

ამის შესახებ საია საქმესთან დაკავშირებით ორგანიზაციის პირველადი შეფასებაში წერს, რომელიც დღეს, 16 მაისს, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გაავრცელა. საქმის საბოლოო შეფასებას საია სასამართლო განაჩენის გაცნობის შემდგომ წარადგენს.

“მიგვაჩნია, რომ გამოტანილი განაჩენი პრობლემურია როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე არსებობს საეჭვო გარემოებები მართლმსაჯულების განხორციელებასთან მიმართებით. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორის და წილის მფლობელის მიმართ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, სერიოზულ ზიანს მიაყენებს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებელს, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემოს გამძაფრებას”, – აცხადებს საია.

ამასთან, ორგანიზაციის განმარტებით, “არაერთი გაჭიანურებული გამოძიების ფონზე” პრობლემატურია საწყის ეტაპე გვარამიას საქმის გამოძიების სწრაფად წარმართვა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის “მცირე ინტერვალში” დაწყება, შემდეგ კი სასამართლო სხდომების თარიღების ჩანიშვნის ინტენსივობა:

“საქმის არსებითი განხილვისას თავდაპირველ ეტაპზე სასამართლომ ერთპიროვნულად განსაზღვრა სხდომის თარიღები, ისე რომ არ მიიღო მხედველობაში დაცვის მხარის პოზიცია. ადვოკატები საუბრობდნენ, რომ მითითებულ დღეებში არ ეცალათ, რადგან სხვა პროცესებს ემთხვეოდა ეს თარიღები.

დაცვის მხარის პროტესტის მიუხედავად, მოსამართლემ ფორსირებულად და ახლო შუალედებში ჩანიშნა სხდომები. ორი სხდომის შემდგომ, 2020 წლის 10 იანვრის სხდომაზე, მოსამართლემ თვითაცილების შესახებ განაცხადა, მიზეზად კი აღნიშნა, რომ მასსა და ბრალდებულს შორის დაპირისპირებამ პირადი ხასიათი მიიღო და შესაძლოა მას ობიექტურად ვერ წარემართა პროცესი”, – განმარტავს საია გადაწყვეტილების პირველად შეფასებაში.

ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ მოსამართლის თვითაცილების მიუხედავად, ახალი მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები მაინც გაჩნდა, რადგან გამოიკვეთა, რომ განმხილველი მოსამართლე “რუსთავი 2”-ის მფლობელი ჰოლდინგის დირექტორის ზაზა გველესიანის ბავშვობის მეგობარია:

“შესაბამისად მას, როგორც ჰოლდინგის დირექტორს გააჩნია პირდაპირი ფინანსური ინტერესი საქმის შედეგის მიმართ. მოსამართლემ თავი არ აიცილა მაშინვე, როდესაც შეიტყო რომ საქმე რუსთავი 2-ს ეხებოდა და ზ. გ. ბრალდების მხარეს მოწმეთა სიაში ჰყავდა. შემდგომში აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვის მხარემაც დააყენა მოსამართლის აცილების თაობაზე შუამდგომლობა. პროცესზე წარმოდგენილი იქნა მოსამართლისა და ზ. გ.-ს ახლო მეგობრობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც მოსამართლემაც არ უარყო. მათ შორის მტკიცებულებებიდან ირკვეოდა, რომ მათ მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდათ საქმის მიმდინარეობის პერიოდშიც. ამის მიუხედავად, მოსამართლემ თავი არ აიცილა.

მართალია, ამგვარი შემთხვევების დროს კანონი პირდაპირ არ უთითებს სავალდებულო აცილების გარემოებებზე მაგრამ განსაზღვრავს, რომ მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ არსებობს გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.

გარდა ამისა, საქართველოს სამოსამართლეო ეთიკის წესების მიხედვით, მოსამართლე უნდა შთააგონებდეს საზოგადოებრივ რწმენას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობისადმი, ამასთანავე მოსამართლეს ეკრძალება პროცესის მხარეებთან ან საქმით დაინტერესებულ პირებთან ცალ-ცალკე (ex parte) შეხვედრა ან ნებისმიერი სხვა ფორმით კომუნიკაცია სასამართლოში ან მის გარეთ, საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ზემოხსენებული გარემოებები კი აჩენდა ეჭვს მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობის შესახებ”, – ნათქვამია საია განცხადებაში.

შეფასებაში ასევე აღნიშნულია, რომ ახალი მოსამართლის პირობებში პროცესების ჩანიშვნის პერიოდულობა კვლავ პრობლემად დარჩა, რადგან ის ის გარკვეულ შემთხვევებში კვირაში ორ პროცესს ნიშნავდა, როცა გვარამია დასკვნითი სიტყვისთვის მოსამზადებლად 1 კვირას ითხოვდა. ამის შემდეგ კი “მოულოდნელად გაურკვეველი მიზეზებით პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, ჯამში 2 თვით”.

საია-ს განცხადებით, საქმის განხილვის 24-თვიანი ვადაც დაირღვა. კერძოდ, ორგანიზაციის განმარტებით, სასამართლომ თითქმის ხუთი თვით გადააჭარბა კანონმდებლობით დადგენილ ვადას.

პროცესების ჩანიშვნის პერიოდულობა პრობლემური გახდა ახალი მოსამართლის პირობებშიც. ის რიგ შემთხვევაში კვირაში ორ პროცესს ნიშნავდა, ნიკა გვარამია დასკვნითი სიტყვისთვის მოსამზადებლად 1 კვირას ითხოვდა, სასამართლომ კი მხოლოდ 3 დღე მისცა. რის შემდგომაც მოულოდნელად გაურკვეველი მიზეზებით პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, ჯამში 2 თვით.

საბოლოოდ საქმეზე განაჩენის 2022 წლის 16 მაისს გამოცხადებით, დაირღვა საქმის განხილვის 24 თვიანი ვადაც. კერძოდ სასამართლომ თითქმის ხუთი თვით გადააჭარბა კანონმდებლობით დადგენილ ვადას.

საქმის სავარაუდოდ პოლიტიკური ასპექტებისა და სხვა საეჭვო გარემოებების განხილვისას საია-ს ასევე მოჰყავს სახალხო დამცველის აპარატის და არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის”, როგორც სასამართლო მეგობრის პოზიციებიც. კერძოდ, ომბუდსმენმა საქმის მასალების შესწავლის შემდეგ სასამართლოს მიმართა და მიუთითა, რომ კანონმდებლობისა და საერთაშორისო გამოცდილების/სტანდარტების გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობამ” კი სასამართლოს მიმართა და განმარტა, რომ ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტები არ დასტურდებოდა. ასევე, ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდება ვერ პასუხობდა სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული ფულის გათეთრების დანაშაულის ნიშნებსა და მის კონვენციურ შინაარსს.


„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას ქმედება არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას.

გვარამიასთან ერთად ბრალდებული იყო რ2-ის კიდევ ერთი ყოფილი მენეჯერი, კახა დამენია, რომელსაც 50 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს, ბრალდებული „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი კი მოსამართლემ გაამართლა.

ნახეთ ვრცლად: რის გამო დააპატიმრეს გვარამია — მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი