ახალი ამბები

“ოცნება” მეტ სავაჭრო თემას იტოვებს დასავლელ პარტნიორებთან – ვაშაძე გვარამიაზე

16 მაისი, 2022 • 497
“ოცნება” მეტ სავაჭრო თემას იტოვებს დასავლელ პარტნიორებთან – ვაშაძე გვარამიაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას დაკავება თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია და “ქართული ოცნება” დასავლელ პარტნიორებთან ამის “სავაჭროდ” გამოყენებას აპირებს.

მისი თქმით, გვარამიას დაკავება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველოში „ფეიკ“ [ყალბი] დემოკრატიაა.

“ერთი მხრივ, ბრალდების აბსურდულობა, შინაარსის აბსურდულობა და მეორე მხრივ, მაინც და მაინც ახლა ამ პროცესის დაჩქარება უკავშირდება იმას, რომ “ქართული ოცნება” მეტ სავაჭრო თემას იტოვებს დასავლელ პარტნიორებთან[…]

“ქართულ ოცნებას” მოუწევს პასუხები გასცეს როგორც ჩვენს ევროპელ, ასევე ამერიკელ პარტნიორებს, მაგრამ პირველ რიგში, პასუხი გასცენ საქართველოს საზოგადოებას, ამიტომ იგროვებენ სავაჭრო საკითხებს, რომ შემდგომ რაღაც დათმონ და მერე ამის ხარჯზე ფონს გავიდნენ”, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, უახლოეს ორ-სამ თვეში ძალიან ბევრი საკითხის დაჩქარებას ელის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, თუმცა რას გულისხმობს, ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია.

“ეს [გვარამიას დაკავება] არის იმ საერთო დიდი სურათის ნაწილი, იმ ანტიევროპული, ანტიამერიკული განცხადებების გაგრძელებაა ეს ყველაფერი, მალე “ქართული ოცნება” დაგვაყენებს არჩევანის წინაშე – რუსეთი თუ ამერიკა, ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი და ჩვენ ამას პასუხი უნდა გავცეთ,”- განაცხადა ვაშაძემ.

რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენი ცნობილია.”მთავარი არხის” დამფუძნებელს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი