ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჩვენი მკაფიო პოლიტიკა გვაქვს, არ ვაღიარებთ დე ფაქტო რეფერენდუმს – კობახიძე

14 მაისი, 2022 • 1961
ჩვენი მკაფიო პოლიტიკა გვაქვს, არ ვაღიარებთ დე ფაქტო რეფერენდუმს – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოკუპირებული სამხერთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმის ჩანიშვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მას არ სცნობს.

კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით თავის პოლიტიკას მიჰყვება.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო პოლიტიკა და რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი, ძალიან მკაფიო, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გავყვებით ზუსტად იგივე ხაზს“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ე.წ. რეფერენდუმიც და მავთულხლართებს ენმ-ს ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი და მათ მიერ დატოვებული მემკვიდრეობაა.

„შეგახსენებთ, მაგალითად, 2004, 2005, 2006 წლებში რა ვითარება იყო ცხინვალის რეგიონში – დასახლებული ტერიტორიის 2/3-ს აკონტროლებდა საქართველოს ხელისუფლება. ამის შემდეგ დაიწყო წინა ხელისუფლების მოქმედებები, როდესაც მათ აღადგინეს სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, რომელიც გამსახურდიას ხელისუფლების პირობებში გაუქმდა, ეს გააკეთეს იქიდან 15 წლის თავზე.

ამის შემდეგ ჩაატარეს ახალი დე ფაქტო, სეპარატისტული არჩევნები, საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატარა სეპარატისტული არჩევნები ცხინვალის რეგიონში და შექმნა ალტერნატიული, სეპარატისტული ხელისუფლება, რაც ბოლოს 20%-ის ჩაბარებით დაგვირგვინდა, ეს არის მათი საქმიანობის შედეგები და ჩვენი საქმიანობის შედეგებს შეგიძლიათ გადახედოთ, რაც არის“, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე  თავად როდესმე ყოფილა თუ არა საოკუპაციო ხაზთან, კობახიძემ უპასუხა, რომ ნამყოფი არაა.

„მე, სამწუხაროდ, იქ [საოკუპაციო ხაზთან] არ ვყოფილვარ“, – განაცხადა კობახიძემ.


სამხრეთ ოსეთის ჯერ კიდევ მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა [ბიბილოვს ინაუგურაციის შემდეგ ალან გაგლოევი, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი შეცვლის] ხელი მოაწერა  განკარგულებას რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზე. ინფორმაციას სააგენტო რეს-ი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრნობით ავრცელებს.

ოფიციალური ცნობით, რეფერენდუმზე კითხვა შემდეგნაირად იქნება დასმული: “უჭერთ თუ არა მხარს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანებას?”

ცხინვალის ცნობით, რეფერენდუმი 2022 წლის 17 ივლისს დაინიშნა.

რუსეთთან შეერთების საკითხზე ბიბილოვმა რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი