ახალი ამბები

G7-ს პოზიტიური მიზეზით არ ვესწრებით, არ ვართ ომთან დაკავშირებული – კობახიძე

14 მაისი, 2022 • 1296
G7-ს პოზიტიური მიზეზით  არ ვესწრებით, არ ვართ ომთან დაკავშირებული – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო „დიდი შვიდეულის“(G7) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიწვეული იმიტომ არ იყო, რომ ომთან დაკავშირებული არაა.

მისი თქმით, ვინც საქართველოს G7-ზე არ მიწვევის გამო წუხს, ის წუხს იმის გამოც, რომ ქვეყანა ომში ჩართული არაა.

„მიზეზი არის ის, რომ ომს არ უკავშირდება საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა. შესაბამისად, მიზეზი პოზიტიური. რატომაც არ ვესწრებით „დიდ შვიდეულს“ არის ის, რომ არ ვართ დაკავშირებული ომთან, განსხვავებით უკრაინისგან და მოლდოვისგან. შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც სწუხან იმის გამო, რომ საქართველო არ იყო შვიდეულის მონაწილე, ისინი ასევე სწუხან იმის გამო, რომ საქართველოში დღეს ომი არ არის. ეს არის რეალობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


12-14 მაისს ვაისენჰაუსში იმართება G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი რეგულარულად დაგეგმილი შეხვედრა გერმანიის თავმჯდომარეობის ეგიდით. უკრაინაში რუსეთის აგრესიას და მისი რეგიონული და გლობალური შედეგების დაძლევას განიხილავენ გერმანიაში, G7-ისა და ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებზე, რომლებზეც საქართველო მიწვეული არ არის. ნატოს მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებენ ფინეთი და შვედეთი, G7-ის შეხვედრის სტუმრებს შორის არიან უკრაინა და მოლდოვა.

გარდა ამისა, ნატო-ს ეგიდით ორი მაღალი დონის შეხვედრა იმართება, რომლებზეც პარტნიორი ქვეყნები მიწვეული არიან, თუმცა საქართველო დღის წესრიგში არ ფიგურირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი