ახალი ამბები

G7-ისა და ნატოს შეხვედრებზე მიწვეულ პარტნიორებს შორის საქართველო არაა

13 მაისი, 2022 • 3158
G7-ისა და ნატოს შეხვედრებზე მიწვეულ პარტნიორებს შორის საქართველო არაა

უკრაინაში რუსეთის აგრესიას და მისი რეგიონული და გლობალური შედეგების დაძლევას განიხილავენ გერმანიაში, G7-ისა და ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებზე, რომლებზეც საქართველო მიწვეული არ არის. ნატოს მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებენ ფინეთი და შვედეთი, G7-ის შეხვედრის სტუმრებს შორის არიან უკრაინა და მოლდოვა.

G7-ის შეხვედრა

12-14 მაისს ვაისენჰაუსში იმართება G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი რეგულარულად დაგეგმილი შეხვედრა გერმანიის თავმჯდომარეობის ეგიდით. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამდღიან შეხვედრაზე განიხილავენ, თუ როგორ შეუძლია G7-ს გააფართოოს ძალისხმევა სასტიკი ომის დასასრულებლად, მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და დაძლიონ ომის გლობალური შედეგები. დღის წესრიგში სხვა საკითხებს შორისაა ჩინეთი, ასევე, სიტუაცია ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში,  ავღანეთში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.

G7-ის თავმჯდომარე ქვეყნის მიერ მიწვეულ სტუმრებს შორის არიან: უკრაინა, მოლდოვა და ინდონეზია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება 7 აპრილს ბრიუსელში G7-ის არაფორმალურ შეხვედრასაც დაესწრო. გერმანიის თანახმად, ვაისენჰაუსში გამართული რეგულარული შეხვედრა შესაძლებლობა იქნება შემდგომი სიღრმისეული დისკუსიისთვის.

სტუმრების სიაში ასევე არის მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ.

„ომის დაწყებიდან მოლდოვა ძალიან ბევრს მუშაობდა, განსაკუთრებით, უკრაინიდან ლტოლვილების მიღებაზე და მათზე ზრუნვაზე. დიდი შვიდეულის პარტნიორებისთვის, ასევე, ძალიან ღირებულია ქვეყნის შეფასებები რეგიონში არსებული ვითარების შესახებ“, — ნათქვამია G7-ის თავმჯდომარე ქვეყნის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ლტოლვილმა გადაკვეთა უკრაინა-მოლდოვის საზღვარი, აქედან დაახლოებით 100 000 მოლდოვაში დარჩა.

უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა 2.5 მლნ-ს აჭარბებს, რას აპირებს თბილისი

რაც შეეხება ინდონეზიას, ის წელს G20-ის თავმჯდომარეა. ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრი რეტნო მარსუდი  ვირტუალურად მიიღებს მონაწილეობას დისკუსიაში, რომელიც ფოკუსირებული იქნება ომის გლობალურ შედეგებზე და სასურსათო უსაფრთხოებაზე, რადგან ამ საკითხების მოგვარება, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, შესაძლებელია მხოლოდ მრავალმხრივი ძალისხმევით და G7-სა და G20-ს შორის მჭიდრო კოორდინაციით.

ნატოს არაფორმალური მინისტერიალი

14-15 მაისს გერმანიაში ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) არაფორმალური შეხვედრა, რომელზეც მიწვეულნი არიან შვედეთი და ფინეთი. უკრაინაში ომის შედეგად, ეს ორი ქვეყანა, რომელთაც ომის დროს ნეიტრალიტეტის დიდი ისტორია აქვთ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას განიხილავს. შეხვედრას უხელმძღვანელებს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯეოანა.

„ნეტგაზეთმა“ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებისთვის, იყო თუ არა მიწვეული საქართველო ზემოაღნიშნულ შეხვედრებში და თუ არა, რატომ? G7-თან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროდან გადაგვამისამართეს საქართველოში გერმანიის საელჩოში. საელჩოს მიერ მოწოდებულ მცირე წერილობით კომენტარში განმარტებულია, თუ რატომ ესწრებოდნენ G7-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ინდონეზია, უკრაინა და მოლდოვა, თუმცა არაფერია ნათქვამი, რატომ არ იყო მიწვეული საქართველო.

„ინდონეზია დიდი ოცეულის თავმჯდომარე ქვეყანაა 2022 წელს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს მის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო, მოლდოვის რესპუბლიკა კი ამ ომის უშუალო გავლენის, მათ შორის მოლოდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო“, — აცხადებენ გერმანიის საელჩოში.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროსგან პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

წესი თუ გამონაკლისი? 

მიმდინარე კვირას გერმანიაში მიმდინარე მაღალი დონის შეხვედრები არ არის გამონაკლისი, სადაც საქართველო მიწვეული არ არის. აპრილის ბოლოს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ საჰაერო-სამხედრო ბაზაზე უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების განსახილველად 40 ქვეყანას უმასპინძლა. ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მიწვეულ ქვეყნებს შორის იყვნენ არა მხოლოდ ვაშინგტონის ევროპელი მოკავშირეები, არამედ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა იაპონია ან ავსტრალია, ასევე, ისრაელი. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ფინეთი და შვედეთიც. მათ შორის არ იყო საქართველო. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ განხილვის მთავარი თემა კიევისთვის იარაღის მიწოდება და უკრაინის პოსტსაომარ პერიოდში აღდგენა იყო, საქართველოს როლი კი არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით შემოიფარგლება.

თავდაცვის სამინისტრომ, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ რამშტაინის ბაზაზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებული შეხვედრა არ გამართულა ნატოს ეგიდით, ხოლო ალიანსის ეგიდით გამართულ შეხვედრებში საქართველო, როგორც წესი, მონაწილეობს — თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ესწრებოდა თავდაცვის ორივე მინისტერიალს, რომელიც 17 თებერვალსა და 16 მარტს გაიმართა.

თუმცა, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის გარდა, საქართველო, ასევე, ამ დროისთვის არ ფიგურირებს ნატოს თავდაცვის ძალების მეთაურთა შეხვედრის დღის წესრიგში, რომელიც შეიძლება შეიცვალოს. 19 მაისს ნატოს სამხედრო კომიტეტი ბრიუსელში შეიკრიბება. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შეუერთდება თავდაცვის მეთაურებს პირველ სესიაზე, რათა განიხილოს გეოსტრატეგიული კონტექსტი და ივნისში მადრიდის სამიტისთვის მზადება.

მეორე სესია უკრაინაში რუსეთის ომს დაეთმობა და მასში ალიანსის პარტნიორი ქვეყნები — ფინეთი, შვედეთი და უკრაინა — მიიღებენ მონაწილეობას. მესამე სესია ფოკუსირებული იქნება ევროატლანტიკური ზონის შეკავებისა და თავდაცვის კონცეფციის (DDA) განხორციელებაზე, ასევე, ნატოს გრძელვადიან პოზიციაზე. შემდეგ თავდაცვის მეთაურები შეხვდებიან ნატო-ს აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებს: ავსტრალიას, იაპონიას, ახალ ზელანდიასა და კორეის რესპუბლიკას, რათა განიხილონ რეგიონული მოვლენები.

რაზე შეთანხმდნენ რამშტაინის ბაზაზე და რატომ არ იყო იქ საქართველო

მასალების გადაბეჭდვის წესი