ახალი ამბები

ისრაელის პოლიციამ დაარბია მოკლული პალესტინელი ჟურნალისტის სამგლოვიარო პროცესიის მონაწილეები

14 მაისი, 2022 • 1228
ისრაელის პოლიციამ დაარბია მოკლული პალესტინელი ჟურნალისტის სამგლოვიარო პროცესიის მონაწილეები

ისრაელის პოლიცია თავს დაესხა ადამიანებს, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე მოკლული პალესტინელი ჟურნალისტის, შირინ აბუ აკილას სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობდნენ. 13 მაისს მომხდარი დარბევის დროს ძალოვნებმა ხელკეტები და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს იმ საავადმყოფოსთან შეკრებილთა წინააღმდეგ, საიდანაც ჟურნალისტი გამოასვენეს.

მედიის ცნობით, სამგლოვიარო მსვლელობის მარშრუტი აბუ აკილას ოჯახსა და ისრაელის პოლიციას შორის იყო შეთანხმებული და მოიცავდა ჟურნალისტის ცხედრის ავტომანქანით გადასვენებას საავადმყოფოდან იერუსალიმის ძველ ნაწილში მდებარე კათოლიკურ ეკლესიაში. ამის შემდეგ პროცესია ქრისტიანული სასაფლაოსკენ გაემართებოდა, სადაც აბუ აკილას ოჯახის წევრთა გვერდით დაკრძალავდნენ.

მოკლული ჟურნალისტის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად იერუსალიმის ძველ ნაწილში მრავალმა ადამიანმა მოიყარა თავი. ბევრი მათგანი პალესტინის დროშებს აფრიალებდა, მღეროდა პალესტინის ჰიმნს და სხვადასხვა სლოგანს სკანდირებდა. მეორე მხრივ, ქალაქში პოლიციელთა დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული.

Washington Post-ის თანახმად, შუადღისთვის ასობით ადამიანმა მოიყარა თავი წმინდა იოსების საავადმყოფოსთან, სადაც ჟურნალისტის ცხედარი წინა ღამით დაასვენეს. მსვლელობის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, ათეულობით მუსლიმმა კაცმა ლოცვა დაიწყო, მათ უკან კი ორ ადამიანს ყვავილებისაგან აწყობილი ჯვრები ეკავა. ფრიალებდა პალესტინის დროშებიც.

მუსლიმი ლოცულობენ საავადმყოფოსთან, სადაც შირინ აბუ აკილას ცხედარი იყო დასვენებული. ფოტო: EPA 

გამოცემის თანახმად, პროცესიის მონაწილეთა ჯგუფმა უარი თქვა, მიეშვათ ავტომობილი საავადმყოფოს შესასვლელამდე და მოისურვა, ტრანსპორტში მოთავსების ნაცვლად, საკუთარი მხრებით წაეღოთ კუბო. შირინ აბუ აკილას ძმამ მათ სთხოვა, მიეცათ ცხედრის ავტომობილში მოთავსების ნება.

” “მხარზე, მხარზე!” – ხალხი სკანდირებდა და ჯოხებს ურტყამდა მანქანას…” – წერს გამოცემა. საბოლოოდ, რამდენიმე კაცმა მხრებზე შემოიდო კუბო და მსვლელობისთვის მოემზადა სხვებთან ერთად.

ამ დროს, BBC-ის ჟურნალისტის თანახმად, რომელიც პროცესიის მონაწილეთა უკან იდგა, “ისრაელის პოლიციამ მოულოდნელად უკან უბიძგა შეკრებილებს…”.

პოლიცია ხელკეტებით სცემდა პროცესიის მონაწილეებს, მათ შორის მათ, ვისაც კუბო ეკავა. New York Times-ის ცნობით, იმ დროს, როცა პოლიცია წინ მიიწევდა, შეკრებილებმა სხვადასხვა საგანი ისროლეს. კადრების მიხედვით, ხელკეტების გარდა, პოლიციელები ხმოვან ყუმბარებსაც იყენებდნენ შეკრებილთა წინააღმდეგ.

იყო მომენტი, როცა კუბო ლამის მიწაზე დავარდა, თუმცა პროცესიის მონაწილეებმა შეძლეს მისი გაჩერება ჰაერში. არის კადრიც, რომელშიც ჩანს, როგორ დგება პროცესიის სხვა მონაწილეთა და პოლიციელებს შორის კაცი, რომელსაც სამგლოვიარო გვირგვინი უჭირავს ხელში.

ევროკავშირის დიპლომატებმა ისრაელის პოლიციის ამ მოქმედებებს “არასაჭირო” უწოდეს და განაცხადეს, რომ “ასეთი არაპროპორციული ქცევა მხოლოდ დაძაბულობას იწვევს”.

“შეძრწუნებულნი ვართ წმინდა იოსების საავადმყოფოში მომხდარი ძალადობით და ისრაელის პოლიციის მიერ დაკრძალვის მსვლელობის დროს გამოყენებული არასაჭირო ძალის დონით”, – წერენ ისინი ტვიტერზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელში წერს:

“ღრმად შევწუხდით კადრებით, რომლებშიც [ჩანს] ისრაელის პოლიციის შეჭრა პალესტინელ-ამერიკელი შირინ აბუ აკილას დაკრძალვის მსვლელობაში.

ყველა ოჯახი იმსახურებს, ღირსეულად და დაუბრკოლებლად გაასვენოს თავისი საყვარელი ადამიანები”.

პალესტინელი პოლიტიკოსი და “პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის” ყოფილი წევრი ჰანან აშრავი ისრაელის სპეციალურ ძალებს “ველურად” მოიხსენიებს,  “ალ-ჯაზირას” ჟურნალისტი ჯივარა ალ-ბუდაირი კი დასძენს, რომ ეს მოქმედებები მისი კოლეგის მეორედ მკვლელობას ჰგავს.

თავად ისრაელის პოლიცია აცხადებს, რომ “ასობით ადამიანმა ჯერ კიდევ [პანაშვიდის] დაწყებამდე დაარღვია წესრიგი”, ხოლო მაშინ, როცა კუბო საავადმყოფოდან უნდა გაეტანათ, “დაიწყო ქვების სროლა ოფიცრების მიმართულებით საავადმყოფოს პლაზიდან, ოფიცრები კი იძულებულნი გახდნენ, გამოეყენებინათ არეულობის დაშლის საშუალებები”.

როგორც New York Times წერს, შესაბამის ვიდეოში, რომელიც პოლიციამ გაავრცელა, ნაჩვენებია ცარიელი პლასტმასის ბოთლი და ორი სხვა, ბოთლის ფორმის საგანი, რომლებიც ოფიცრების მიმართულებით ისროლეს იმ მომენტამდე, სანამ ისინი შეკრებილებისკენ წავიდოდნენ.

კიდევ ერთ, უთარიღო ვიდეოში ნაჩვენებია რამდენიმე ქვა ადგილზე, თუმცა არ არის მკაფიო მითითება იმის შესახებ, როდის ან როგორ მოხვდა ეს ქვები იქ.

პოლიციამ ასევე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ საავადმყოფოს გარეთ მყოფი პოლიციელი ხალხს მიმართავს:

“თუ არ შეწყვეტთ ამ სლოგანებს და [პალესტინის] ნაციონალისტურ სიმღერებს, მოგვიწევს თქვენი დაშლა ძალის გამოყენებით და არ დავუშვებთ დაკრძალვის ჩატარებას”, – ციტირებს პოლიციელს The Guardian.

ქაოსური სცენები რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც შირინ აბუ აკილა ავტომობილით გაასვენეს საავადმყოფოდან ეკლესიისკენ.

ერთ-ერთი ვიდეოს მიხედვით,  ისრაელის პოლიციის წარმომადგენელი მანქანიდან სამ პალესტინურ დროშას ხსნის და მიწაზე ყრის მათ, სააგენტო AP კი იუწყება, რომ პოლიცია დროშებს ეზოში მყოფებსაც ართმევდა.

საბოლოოდ, ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მსვლელობაში ეკლესიიდან ქრისტიანული სასაფლაოსკენ, სადაც მოკლული ჟურნალისტი დაკრძალეს.

შირინ აბუ აკილას სამგლოვიარო პროცესია იერუსალიმში. 13.05.22 ფოტო: EPA 

იერუსალიმის ძველ ქალაქში ეკლესიების ზარები რეკვის ხმა ისმოდა, პროცესიის მონაწილეები კი სკანდირებდნენ:

“ჩვენი სულებითა და ჩვენი სისხლით, შენთვის თავს გავწირავთ, შირინ”.

“სამწუხარო დღეა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი პალესტინელი ხალხისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ის ჩვენთან ერთად ცხოვრობდა ტელევიზორიდან, ის იყო ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი წევრი”, – ციტირებს მედია აია ოდეჰს, 26 წლის ადვოკატს, რომელიც იერუსალიმში ნაზარეთიდან ჩავიდა, რათა უკანასკნელ გზაზე გაეცილებინა აბუ აკილა.

51 წლის ჟურნალისტი შირინ აბუ აკილა მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯინინში, ისრაელის ძალების მიერ ჩატარებული რეიდის გაშუქებისას მოკლეს. მკვლელობის მომენტში ის კოლეგებთან ერთად იყო და ეცვა უნიფორმა, წარწერით “პრესა”.

პალესტინის ადმინისტრაცია და “ალ-ჯაზირა” ამბობენ, რომ ჟურნალისტი ისრაელის ძალებმა მოკლეს.

შირინ აბუ აკილა

ისრაელის თავდაცვის ძალებში(IDF) მკვლელობის დღესვე უარყვეს ჟურნალისტის მიზანში ამოღება და აღნიშნეს, რომ იძიებდნენ “შესაძლებლობას”, რომლის თანახმადაც ჟურნალისტს პალესტინელი შეიარაღებულების მხრიდან ესროლეს.

როგორც IDF ამბობდა, მისი ძალები ჯინინში იმყოფებოდნენ “ტერორისტულ აქტივობებში ეჭვმიტანილთა დასაპატიმრებლად” და ისროდნენ როგორც პალესტინელი ეჭვმიტანილები, ისე ისრაელის ძალები.

მოგვიანებით, პარასკევს, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მისი შუალედური გამოძიების მიხედვით, “შეუძლებელია, ცალსახად დადგინდეს წყარო სროლისა, რომელმაც მოკლა ქალბატონი აბუ აკილა”.

განცხადების თანახმად, იგი შესაძლოა მოკლულიყო პალესტინელ შეიარაღებულთა მიერ ისრაელის სამხედრო მანქანების მიმართულებით სროლისას ან ისრაელელი ჯარისკაცის მიერ საპასუხოდ ნასროლი ტყვიის შეცდომით მოხვედრის შედეგად.

“ალ-ჯაზირას” კიდევ ერთი ჟურნალისტი ალი ალ-სამუდი, რომელიც დაიჭრა, აღნიშნავს, რომ იმ დროს, როცა მის კოლეგას ესროლეს, ადგილზე პალესტინელი შეიარაღებულები არ იმყოფებოდნენ.

მომხდარის შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იაირ ლაპიდმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ პალესტინელებს საქმის ერთობლივი გამოძიება შესთავაზეს.

შირინ აბუ აკილა იერუსალიმში, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. ის ცნობილი ჟურნალისტი იყო, რომელიც “ალ-ჯაზირასთვის” წლების მანძილზე აშუქებდა ისრაელ-პალესტინურ კონფლიქტს.

ვეტერანი ჟურნალისტის მკვლელობას თან ერთვის მწვავე დაძაბულობა ისრაელსა და პალესტინელებს შორის.

BBC-ის თანახმად, “ისრაელის არაბებისა და პალესტინელების თავდასხმების ტალღამ ბოლო კვირების განმავლობაში ისრაელში  იმსხვერპლა 17 ისრაელელი და ორი უკრაინელი”.

ამასთან, ისრაელის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე რეიდებისა და დაპირისპირებების დროს, სულ მცირე, 26 პალესტინელი მოკლეს. ტელეკომპანიის ცნობით, მათ შორის არიან თავდამსხმელები, შეიარაღებულები და სამოქალაქო პირები.

მთავარი ფოტო: Maya Levin/Associated Press

მასალების გადაბეჭდვის წესი