ახალი ამბები

დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის რეიდის დროს, “ალ-ჯაზირას” ჟურნალისტი მოკლეს

11 მაისი, 2022 • 541
დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის რეიდის დროს, “ალ-ჯაზირას” ჟურნალისტი მოკლეს

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯინინის ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის უსაფრთხოების ძალების მიერ მოწყობილი რეიდის გაშუქებისას, ტელეკომპანია “ალ-ჯაზირას” ჟურნალისტი მოკლეს. შირინ აბუ აკილა 51 წლის იყო.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ვეტერან ჟურნალისტს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლეს. დაიჭრა კიდევ ერთი ჟურნალისტი ალი ალ-სამუდი, რომლის მდგომარეობაც, სამინისტროს თანახმად, სტაბილურია.

“ალ-ჯაზირას” თანახმად, ისრაელელმა სამხედროებმა “გამიზნულად” ესროლეს აბუ აკილას. ამასთან, სააგენტო “ფრანს-პრესი” თავის ფოტოგრაფზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჟურნალისტი ისრაელის ძალებმა მოკლეს ლტოლვილთა ბანაკში რეიდის გაშუქების დროს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში(IDF) ჟურნალისტის მიზანში ამოღებას უარყოფენ და ამბობენ, რომ იძიებენ “შესაძლელბლობას”, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტს პალესტინელი შეიარაღებულების მხრიდან ესროლეს.

IDF ასევე აღნიშნავს, რომ მისი ძალები ჯინინში იმყოფებოდნენ “ტერორისტულ აქტივობებში ეჭვმიტანილთა დასაპატიმრებლად” და ისროდნენ როგორც პალესტინელი ეჭვმიტანილები, ისე ისრაელის ძალები.

“ალ-ჯაზირას” კიდევ ერთი ჟურნალისტი ალ-სამუდი, რომელიც დაიჭრა, აღნიშნავს, რომ იმ დროს, როცა მის კოლეგას ესროლეს, ადგილზე პალესტინელი შეიარაღებულები არ იმყოფებოდნენ.

“ჩვენ ისრაელის არმიამ გვესროლა. ადგილზე არცერთი პალესტინელი შეიარაღებული არ იმყოფებოდა”, — ციტირებს მას CNN.

მომხდარის შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იაირ ლაპიდმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ პალესტინელებს საქმის ერთობლივი გამოძიება შესთავაზეს. მისივე სიტყვებით, ჟურნალისტის, აბუ აკილას დაღუპვა “სამწუხაროა” და “კონფლიქტის ზონებში ჟურნალისტები დაცული უნდა იყვნენ”.

“ჩვენ ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა, მივიდეთ სიმართლემდე”, — დასძენს ის.

ბირ ზეითის უნივერსიტეტის ცნობით, სადაც შირინ აბუ აკილა ასწავლიდა, ის იერუსალიმში, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. აბუ აკილა ცნობილი ჟურნალისტი იყო, რომელიც “ალ-ჯაზირასთვის” წლების განმავლობაში აშუქებდა ისრაელ-პალესტინურ კონფლიქტს.


BBC-ის თანახმად, “ისრაელის არაბებისა და პალესტინელების თავდასხმების ტალღამ ბოლო კვირების განმავლობაში ისრაელში  იმსხვერპლა 17 ისრაელელი და ორი უკრაინელი”.

ამასთან, ისრაელის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე რეიდებისა და დაპირისპირებების დროს, სულ მცირე, 26 პალესტინელი მოკლეს. ტელეკომპანიის ცნობით, მათ შორის არიან თავდამსხმელები, შეიარაღებულები და სამოქალაქო პირები.

მასალების გადაბეჭდვის წესი