ახალი ამბები

“თუ არა შენ, სხვა ვინ?” – ვოლინა დახმარებისთვის ილონ მასკს მიმართავს

12 მაისი, 2022 • 907
“თუ არა შენ, სხვა ვინ?” – ვოლინა დახმარებისთვის ილონ მასკს მიმართავს

უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა  Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკს მიმართავს და სთხოვს, რომ ჯარისკაცებს „აზოვსტალიდან“ მესამე ქვეყანაში გადასვლაში დაეხმაროს.

ვოლინამ მასკს ტვიტერზე მიმართა.

„ამბობენ, რომ სხვა პლანეტიდან ხართ, რათა ხალხს ასწავლოთ, რომ შეუძლებლის სჯეროდეთ.  ჩვენი პლანეტები ერთმანეთის გვერდით არიან, რადგან მე ვცხოვრობ იქ, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.

დაგვეხმარეთ აზოვსტალიდან შუამავალ ქვეყანაში გასვლაში. თუ არა შენ, სხვა ვინ? მინიშნება მომეცი“, – წერს ვოლინა ტვიტერზე.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო, ილონ მასკს ტვიტერზე მიმართა უკრაინის ვიცე-პრემიერმა და სთხოვა, უკრაინისთვის Starlink-ის სერვისების[სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი] მიეწოდებინა. მასკმა უკრაინის ვიცე-პრემიერის თხოვნას დადებითად უპასუხა და უკრაინაში Starlink სერვისი გაააქტიურა.


ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალი“ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მდებარეობს, რომელიც რუსების ალყაში იმყოფება. მარიუპოლში ჯერჯერობით იბრძვის „აზოვის პოლკი“, რომელიც „აზოვსტალის“ მიწისქვეშა გვირაბებშია გამაგრებული და  რამდენიმე დღეა, რუსეთის შეიარაღებული ძალები მათ აქტიურად უტევენ.

გასულ კვირას ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყო და „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან გაიყვანეს ბავშვები, ქალები და მოხუცები. მედიის ინფორმაციით, ამ დროსთვის ქარხნის ტერიტორიაზე ისევ რჩება დაჭრილი სამხედროები და „აზოვის პოლკის“ ჯარისკაცები.

უკრაინა რუსეთს აზოვსტალში ჩარჩენილი დაჭრილების სამხედრო ტყვეებში გაცვლას სთავაზობს, თუმცა შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი