ახალი ამბები

ჟურნალისტ ვიკა ბუკიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

11 მაისი, 2022 • 3527
ჟურნალისტ ვიკა ბუკიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

„ტვ პირველის“ წამყვანი ვიკა ბუკია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

უწყებაში ჯერ არ ამბობენ, დაიწყო თუ არა გამოძიება ჟურნალისტის მიმართ მუქარაზე.

ვიკა ბუკიამ 10 მაისს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა სქრინი, სადაც ჩანს, რომ ანონიმური პირი მას უცენზურო სიტყვებით მიმართავს და სიცოცხლის მოსპობით ემუქრება; აფრთხილებს, რომ ვიკა ბუკიას და მისი თანაწამყვანის მისამართები იცის.

ვიკა ბუკიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, საკითხით დაინტერესდეს. 11 მაისს ის გამოკითხვაზე დაიბარეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, რომლის კომპეტენციაც არის ჟურნალისტების უფლებებისა და მათი საქმიანობის უფლების დაცვა.

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ შეფასებით, მუქარა კავშირშია ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობასთან.
„სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ჟურნალისტები და შეაჩეროს საფრთხეები, რაც მათი სიცოცხლის ხელშეუხებლობას და პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას უკავშირდება. ჟურნალისტებსა და სხვა მედიააქტორებზე თავდასხმასა და მათ დაშინებას გარდაუვალი მსუსხავი ეფექტი აქვს გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს ეფექტი კიდევ უფრო მძაფრია, თუ თავდასხმებისა და დაშინების ფაქტებს თან ახლავს დამნაშავეთა დაუსჯელობა“, — ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფი და ეფექტური გამოძიებით დაიცვას ჟურნალისტთა უფლებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი