ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი, რომელიც მზია ამაღლობელთან ერთად სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა, პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ანდჟეი პოჩობუტი ბელარუსში 2021 წლის 25 მარტიდან იმყოფებოდა პატიმრობაში. იგი ბელარუსსა და პოლონეთს შორის პატიმართა გაცვლის შედეგად გათავისუფლდა. გაცვლა 5/5-ზე ფორმულით მოხდა. ანდჟეი პოჩობუტს პოლონეთში პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი დახვდა.
„[ლუკაშენკოს] რეჟიმის პროპაგანდისტები პროცესს ასე აფასებენ: მიმდინარე მოვლენები არის ბელარუსის კგბ-სა და პოლონეთის სადაზვერვო სააგენტოს შორის მიმდინარე რთული და ხანგრძლივი სალაპარაკო პროცესის კულმინაცია, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის პირდაპირი დავალებით განხორციელდა“, – წერს „ბელსატი“.
„ბელსატი“ ხაზს უსვამს, რომ გაცვლის პარალელურად, ვარშავაში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ შიკორსკის შეხვედრა აშშ-ის წარმომადგენელ ჯონ კოულთან.
ანდჟეი ბოჩობუტი, ნეტგაზეთისა და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელთან ერთად, 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა. სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების დარგში. პარლამენტი ამ ჯილდოს ყოველწლიურად, 1988 წლიდან ანიჭებს ფიზიკურ პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების ან დემოკრატიული ღირებულებების დაცვისადმი მათი გამორჩეული ერთგულების აღიარების ნიშნად. პრემიის საპრიზო თანხა 50 000 ევროს შეადგენს.
