ახალი ამბები

სტუდენტებმა ღამე თსუ-ში გაათენეს, ისინი რექტორთან შეხვედრას გეგმავენ

11 მაისი, 2022 •
სტუდენტებმა ღამე თსუ-ში გაათენეს, ისინი რექტორთან შეხვედრას გეგმავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა, რომლებიც სწავლების ჰიბრიდული მოდელით გაგრძელებას ითხოვენ, ღამე თსუ-ს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაატარეს. პროტესტის მონაწილეთა ცნობით, რექტორი მათთან შეხვედრას დღეს, 14:00 საათზე გეგმავს.

რამდენიმე კვირაა, არაერთი სტუდენტი ითხოვს, მიმდინარე სემესტრში სწავლა ჰიბრიდულ(აუდიტორია+ონლაინ) ფორმატში გაგრძელდეს. ისინი აცხადებენ, რომ ბინების საგრძნობლად გაძვირების ფონზე, სტუდენტები ქირის გადახდას და დედაქალაქში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.

“ჩვენი მოთხოვნები, პირველ რიგში, არის ჰიბრიდული სწავლება. ამასთან, საბინაო პოლიტიკის დაყენება დღის წესრიგში და საცხოვრებლის პრობლემის მოგვარება, ხარჯების გასაჯაროება და, ზოგადად, ურთიერთობისა და კომუნიკაციის დაწყება უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის”, — უთხრა “ნეტგაზეთს” პროტესტის მონაწილე სტუდენტმა, ბარბარე საურმა.

მისი თქმით, 10 მაისს სტუდენტები ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სწორედ მათგან მიიღეს დაპირება, რომ რექტორი გიორგი შარვაშიძე მზადაა, დღეს, 14:00 საათზე შეხვდეს პროტესტის მონაწილეებს.

კითხვას, რას აპირებენ სტუდენტები, თუ რექტორთან შეხვედრამ ნაყოფიერად არ ჩაიარა, ბარბარე საური ასე პასუხობს:

“დაზუსტებულად არ ვიცით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ შეიძლება, კვლავ დავრჩეთ უნივერსიტეტში, სანამ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და დაველოდოთ მათ შესრულებას”, — აღნიშნა მან და დაამატა, რომ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ დეტალებს შარვაშიძესთან შეხვედრის შემდეგ დააზუსტებენ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მთავარი მოთხოვნა არის დოკუმენტით დადასტურებული დათქმა, რომ სწავლა ჰიბრიდულად გაგრძელდება. საური აღნიშნავს, რომ სტუდენტები ბრძოლას არც ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ შეწყვეტენ და შეეცდებიან, საბინაო პოლიტიკაც დადგეს დღის წესრიგში.

“თუმცა პირველ ეტაპზე ეს [მოთხოვნა] გვაქვს, რომ ჰიბრიდული სწავლება [დაიწყოს]. დრო არის უკვე ძალიან ცოტა, მალე სემესტრი დამთავრდება და ბავშვები სასწავლო პროცესს მიღმა რჩებიან”, — დასძენს ის.

სასწავლო-საგამოცდო პერიოდი თსუ-ს აუდიტორიებში 2 მაისს დაიწყო და დასკვნითი ნაწილი 13 ივლისს უნდა დასრულდეს. შესაბამისად, სტუდენტებს თბილისში ნაქირავები ბინა დაახლოებით ორ თვე-ნახევარი დასჭირდებათ.

“ნეტგაზეთთან” ინტერვიუში სტუდენტების უმეტესობა ამბობს, რომ რომც ჰქონდეს მობილიზებული ამხელა თანხა, ბინის არცერთი მეპატრონე ასეთ მცირე პერიოდზე ბინას არ მიაქირავებს.

რაც შეეხება უნივერსიტეტის პოზიციას: თსუ აცხადებს, რომ დისტანციური სწავლება ვერ უზრუნველყოფს განათლების იმ დონეს, რისი მიღებაც სტუდენტებს აუდიტორიებში შეუძლიათ და არ აპირებს ონლაინ ან/და ჰიბრიდული სწავლების დანერგვას.

მთავარი ფოტო: Facebook/Ekaterine Maisuradze, Sophie Molashkhia

მასალების გადაბეჭდვის წესი