პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთმა ომი არა მხოლოდ უკრაინას გამოუცხადა, არამედ ყველა იმ პრინციპს, რაზეც დგას ევროპა.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ისაუბრა.
„ამ გამოწვევაზე ევროპამ გასცა ყველაზე ძლიერი პასუხი – ევროპის 27-ვე წევრი ქვეყნის მჭიდრო ერთიანობა. არა დათმობა და შეგუება, არა სიფრთხილე და რეალობისგან თავის არიდება, არა ეგოიზმი, არამედ სოლიდარობა, რომელიც დღეს სცილდება ევროკავშირის საზღვრებს და მოიცავს პირველ რიგში უკრაინას, აგრეთვე, მოლდოვას და საქართველოს, ან კიდევ დასავლეთ ბალკანეთს.
ღირსეული ევროპა არის ის, რომელთანაც გაერთიანებას ჩვენი მოსახლეობის 88% მხარს უჭერს. ეს ძლიერი ევროპაა, რომელიც საკუთარ ძალას ომიდან კი არა, მშვიდობიანი განვითარებიდან იძენს, სწორედ ის ევროპაა, რომელიც ჩვენ გვიზიდავს და რომლისკენაც მივილტვით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინამ თავისი ბრძოლით დააჩქარა საქართველოსთვის ევროპის გზის გახსნა.
„უკრაინამ თავისი თავდადებული, გმირული, თავდაცვითი ბრძოლით განგვიახლა და დაგვიჩქარა ევროპის გზის გახსნა. უკრაინა და თითოეული უკრაინელი, რომელიც თავს სწირავს საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად, ამავე დროს, თავს სწირავს და იბრძვის ჩვენი და მთლიანი ევროპის თავისუფლებისთვის, საკუთარი და ჩვენი ევროპული გზისთვის. ჩვენთვის გაღებული მსხვერპლის დაფასებაც უნდა ვიცოდეთ, მადლიერება და სოლიდარობა ჩვენი ვალდებულებაა.
ჩვენი ვალდებულებაა დღეს, რომ ვიცოდეთ, როგორ დავუდგეთ გვერდში უკრაინას, როგორ გამოვხატოთ სოლიდარობა და ამ სოლიდარობაში ევროპელების გვერდით დავდგეთ. ყველას ესმის, რომ თავისთავად ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანა, საფრთხის ქვეშ მყოფი, ვერ შეედრება ძლიერ ევროპულ ქვეყნებს, თუმცა სოლიდარობის გამოხატვას მრავალი ფორმა გააჩნია.
ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამ გზაზე, რაზეც ნაადრევად დაგვაყენა უკრაინის ბრძოლამ, არაფერი დავიშუროთ და ყველა ნაბიჯი გადავდგათ, რომ ეს მოცემული შანსი რეალობად ვაქციოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილის განცხადებითვე, თუ საქართველო შეძლებს ევროკავშირის კითხვარში ჩაწერილი პასუხების შესრულებას, მაშინ ევროპული პერსპექტივა ხელმისაწვდომი გახდება.
„ხვალინდელი დღე, როგორც არასოდეს, ჩვენზეა დამოკიდებული. რასაც ვიღონებთ, იმას შევძლებთ. ევროპა არის ერთადერთი გამოსავალი, რომ აღარ გაისმას კითხვა: „მშვიდობა თუ თავისუფლება“, რამეთუ ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე გვინდა ევროპა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
9 მაისს ევროპაში ევროპის დღე აღინიშნება.