ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალი ვალდებულებები? – სომხეთ-რუსეთის ახალი შეთანხმება უკრაინის ომის ფონზე

22 აპრილი, 2022 • 728
ახალი ვალდებულებები? – სომხეთ-რუსეთის ახალი შეთანხმება უკრაინის ომის ფონზე

ავტორი: ტიგრანუი მარტიროსიანი, ერევანი


ვლადიმერ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის მოსკოვში მიღებული 30 პუნქტიანი ერთობლივი განცხადება, როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო-ტექნიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებს შეეხება. 

მოსკოვში ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ვრცელი ინფორმაცია, რომლის თანახმად, მხარეებს შორის სხვადასხვა სფეროში დოკუმენტები გაფორმდება. რამდენიმე კვირის წინ რუსეთმა ვრცელი შეთანხმება აზერბაიჯანთანაც გააფორმა.   პუტინის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტები შეავსებს ქვეყნებს შორის უკანასკნელ წლებში ხელმოწერილ 200-მდე დოკუმენტს.

ახალი ვალდებულებები თუ ძველი თეზისები?

სომხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ოპოზიციონერი არტაკ ზაკარიანის თქმით, “განცხადების პირველიდან 21-ე პუნქტამდე ეხება ისეთ სამუშაოებს, რომელიც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ორმხრივად იყო ჩატარებული, და ვინც არ უნდა ყოფილიყო ნიკოლ ფაშინიანის ადგილზე, ეს ფორმულირებები მაინც გაჩნდებოდა ტექსტში”.

“მხარეებმა გამოხატეს მზაობა, რომ საერთო წარსულის მიმართ ერთიანი მიდგომებით გააგრძელებენ ბრძოლას მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვისა და ისტორიის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. გააძლიერებენ რასიზმის, ქსენოფობიის, ნეონაციზმის, ნაციონალური, ენობრივი თუ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის, ასევე, რუსეთსა და სომხეთში მცხოვრები ორივე ქვეყნის მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ ბრძოლას”.

ასევე, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პუტინმა და ფაშინიანმა ისაუბრეს რუსეთში სომხური ენისა და სომხეთში რუსული ენის სწავლების უზრუნველყოფაზე, მათ შორის, სომხეთში უკვე არსებულ ერთობლივი საგანმანათლებლო ორგანიზაციებისა და რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების ფილიალებში ეფექტურობის გაზრდის საშუალებით”.

“ერთი შეხედვით, ამ პუნქტებში სიახლე არაფერია, თუმცა, რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, ნათელი ხდება, რომ პუნქტებს, რომელიც უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა, აქვს კონკრეტული და მკაფიო მიზნები”, – ამბობს პოლიტოლოგი მოვსეს არუთუნიანი.

სამხრეთ კავკასიის რეგიონის საკითხების ექსპერტი კარენ ჰოვანნისიანი ყურადღებას ამახვილებს იმ ნაწილზე, სადაც საუბარია რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე. 

განცხადების ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამია, რომ ორი ქვეყნის ლიდერი შეჯერდა იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ეუთოს მინსკის ჯგუფის პოტენციალისა და გამოცდილების გამოყენება მისი საერთაშორისო მანდატის შესაბამისად. 

კარენ ჰოვანნისიანის თქმით, მაშინ როდესაც რუსეთსა და სხვა მინსკის ჯგუფის სხვა ორი თანათავმჯდომარე ქვეყანას, აშშ-ს და საფრანგეთს შორის, კონფრონტაცია არსებობს, რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ გადამწყვეტი როლი ყარაბაღის საკითხში სწორედ მას ეკუთვნის. 

მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს შორის ურთიერთობები უკრაინა-რუსეთის ომის გამო გამწვავდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-მ და საფრანგეთმა უარი თქვეს რუსეთთან ერთად ერთ ფორმატში მუშაობაზე, რის შემდეგაც “მინსკის ჯგუფის არსებობა ეჭვქვეშ დადგა”. 

“იქნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი ნაწყენია და ცდილობს თავად ჰქონდეს მთიანი-ყარაბაღის დარეგულირების პროცესებზე გავლენა და გადამწყვეტი როლი”,- ამბობს ჰოვანისიანი.

“არავისთვისაა საიდუმლო, რომ რუსეთი ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”, – განაცხადა შეხვედრისას ფაშინიანმა და ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების როლზე საუბრისას თქვა, რომ ისურვებდა, კიდევ უფრო ეფექტური გახდეს ის.

მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისა და რეგიონში სტაბილურობისთვის მხარეები შეთანხმდნენ, გაააქტიურონ სამმხრივი ფორმატი სომხეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის აზერბაიჯანთან. [თუმცა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით, ბრიუსელში 7 აპრილის ოთხსაათიანი შეხვედრის პროცესში ასევე შეთანხმდნენ “სამშვიდობო შეთანხმების” შემუშავებაზე].

სერგეი ლავროვის განაცხადებას, რომ მინსკის ჯგუფი, როგორც ფორმატი აღარ არარსებობს, სხვა თანათავმჯდომარე ქვეყნები არ ეთანხმებიან. 

გარდა ამისა, ექსპერტის აზრით, რუსეთი ამ განცხადებით უგულებელყოფს აზერბაიჯანის პოზიციას, რომ არცახის საკითხი 44 დღიანი ომის შემდეგ გადაიჭრა, როდესაც სომხეთმა ტერიტორიები დაკარგა.

“ჩვენ ბევრჯერ გვითქვმს ომის შემდეგ, რომ ყარაბაღის საკითხი არ არის გადაჭრილი და არცახს უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, დაცვა და ა.შ. ამ განცხადებით კი რუსეთი ჩვენს პოზიციას იცავს. ეს დაგვეხმარება სამომავლოდ”- ამბობს ანალიტიკოსი ტარონ ჰოვანისიანი.

კრემლის ინფორმაციითვე, როგორც პუტინი, ასევე ფაშინიანი შეშფოთებულია რიგი ქვეყნების მიერ ცალმხრივად დაწესებული [რუსეთისთვის] სანქციების გამო და მზაობას გამოხატავენ, ერთმანეთთან შეთანხმებულად გადაჭრან შექმნილი გამოწვევები, მათ შორის, სამეწარმეო, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ლოჯისტიკის სფეროებში.

ამასთან, მხარეები ვალდებულებას იღებენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები, სავაჭრო ოპერაციების დროს ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორების წილი გაზარდონ.

განცხადებაში მხარეებმა «3+3»-ის რეგიონალური პლატფორმის წარმატებაც აღნიშნეს, თუმცა, ექსპერტები არ იზიარებენ მისი წარმატების შესახებ პოზიციას. პირიქით – მის სიცოცხლისუნარიანობაში ახლა უფრო მეტად ეპარებათ ეჭვი.

სამხედრო ექსპერტი კარენ ვართანესიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფორმატი მხოლოდ თურქეთის მორიგი მცდელობაა სამხრეთ კავკასიაში პოზიციების გასამყარებლად, რუსეთი კი არ ეწინაღმდეგება მას, დესტრუქციულობაში რომ არ დაადანაშაულონ.

თუმცა, ექსპერტის აზრით, ვერცერთი პლატფორმა ვერ იქნება ეფექტური, როდესაც მისი მონაწილეები ერთმანეთის მიმართ მტრულად არიან განწყობილი, როგორც მაგალითად, საქართველო და რუსეთი. 

“სასაცილოა მოსაზრება, რომ რომელიმე ფორმატი, სადაც თურქეთი და აზერბაიჯანი მონაწილეობს, სომხეთისთვის რაიმე უსაფრთხოების მომტანი იქნება”. 

განცხადების 24-ე პუნქტში ნათქვამია, რომ სომხეთისა და რუსეთის ლიდერები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ რუსი სამშვიდობოების კონტინგენტს  უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ცხოვრების უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოებების შექმნის საკითხში.

პოლიტოლოგ მოვსეს არუთუნიანის აზრით, ეს პუნქტი აზერბაიჯანული მხარისთვის ერთდროულად რამდენიმე მხრიდან დარტყმა იქნებოდა. 

“კერძოდ, აქ საუბარია რუსი სამშვიდობოების მიისის ეფექტურობაზე არცახში, მაშინ როდესაც აზერბაიჯანული მხარე რუსი სამშვიდობოების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში რეგულარულად აწყობდა პროვოკაციებს მისი ეფექტურობის თეორიის გასაქარწყლებლად”.

პოლიტოლოგი არმან აბოვიანი 30 პუნქტიან განცხადებაში პირველხარისხოვან პუნქტად მიიჩნევს სომხეთსა და რუსეთს შორის შეთანხმებას იმაზე რომ არცერთი ქვეყნის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული მესამე ქვეყნების მიერ, ერთმანეთის საწინააღმდეგოდ “ბიოუსაფრთხოების სფეროში”.

მისი თქმით, აქ იგულისხმება ბიოლოგიური ლაბორატორიები, რომელიც სომხეთში აშშ-ს მხარდაჭერით არის გახსნილი. თუმცა, პოლიტოლოგი ამბობს, რომ რადგან ამ ეტაპზე არ გასაჯაროვებულა შეთანხმების დეტალები, ამ პუნქტის ანალიზიც ნაადრევია.

ამასთან, სომეხი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ იმის მიუხედავად, რომ ერთობლივი განცხადების ზოგიერთი პუნქტი ძალიან მნიშვნელოვნია, თუმცა მათი სამომავლო როლის ზედმეტად შეფასებაც არ ღირს.

“ეს განცხადება შეიძლება გახდეს რისკიც და შესაძლებლობაც. ეს განსაზღვრებები არის ე.წ. სურვილები. უკრაინის ომის შემდეგ სომხურ რუსული ურთიერთობების მიმართულებების დაზუსტების საჭიროებაც დადგა. სწორედ ამაზეა ეს დოკუმენტი. რა იქნება შემდეგ, ჯერ არავინ ვიცით”, – ამბობს ანალიტიკოსი აკოფ ბაგდალიანი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი