ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი და ალიევი “სამშვიდობო შეთანხმების” შემუშავებაზე შეთანხმდნენ

7 აპრილი, 2022 • 3664
ფაშინიანი და ალიევი “სამშვიდობო შეთანხმების” შემუშავებაზე შეთანხმდნენ

სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით, ბრიუსელში 7 აპრილის ოთხსაათიანი შეხვედრის პროცესში “სამშვიდობო შეთანხმების” შემუშავებაზე შეთანხმდნენ.

ნიკოლ ფაშინიანი, შარლ მიშელი, ილჰამ ალიევი; ფოტო: აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ნიკოლ ფაშინიანი, შარლ მიშელი, ილჰამ ალიევი; ფოტო: აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

“დარწმუნებული ვარ, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით სწორი მიმართულებით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, ეს ნიშნავს იმას, რომ პროგრესს მივაღწიეთ”, – ციტირებს შარლ მიშელს azatutyun.am.

ოფიციალური ცნობით, ფაშინიანმა და ალიევმა ვალდებულება აიღეს, სწრაფად დაიწყონ ყარაბაღის კონფლიქტის დასარეგულირებლად საჭირო ყოვლისმომცველი შეთანხმებისკენ სვლა, თუმცა, რა საკითხები შევა შეთანხმებაში, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ბაქო იქამდე ავრცელდებდა ინფორმაციას, რომ შეთანხმებისთვის წარადგინა რამდენიმე პუნქტი, მათ შორის, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შესახებ, რაც სომხურ საზოგადოებაში და ოპოზიციურ პოლიტიკურ წრეებში აღიქვეს ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის ჩაბარებად.

ბრიუსელის შეხვედრამდე სომხური მხარე აცხადებდა, რომ შეხვედრაზე ერევანი მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხს დააყენებდა, თუმცა, ოფიციალური ცნობით, ეს საკითხი ბრიუსელში არ განუხილავთ.

ხელშეკრულების გარდა, მხარეები ასევე შეთანხმდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს დროში აზერბაიჯანი და სომხეთი შექმნიან ორმხრივ კომისიას, რომელიც ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაციაზე იმუშავებს. ამ ეტაპზე ასევე უცნობია, იქნება თუ არა ამ პროცესში ჩართული რუსული მხარე, რომელიც მხარეებს შორის ერთ-ერთ მთავარ მომრიგებელ როლს თამაშობს.

ბაქომ და ერევანმა შესაძლოა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმონ

მასალების გადაბეჭდვის წესი