ახალი ამბები

მაისის ბოლოს როტერდამში, EPP-ის ყრილობაზე დამპატიჟეს — სააკაშვილი

6 მაისი, 2022 • 1102
მაისის ბოლოს როტერდამში, EPP-ის ყრილობაზე დამპატიჟეს — სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე, თავის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ მაისის ბოლოს დონალდ ტუსკმა „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე დაპატიჟა ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში.

„ისინი მთავაზობენ ჩასვლას და გამოსვლას სიტყვით. მე არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ. ეს ნიშნავს, რომ მათ არ ავიწყდებათ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც და ორივე ქვეყნის კონტექსტში მეც. ჩემთვის ეს დიდი პატივია.

არ ვიცი, ჩემი ჯანმრთელობა მომცემს თუ არა შესაძლებლობას ამ ყრილობაზე დასწრების და მომცემს თუ არა ამის შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ევროპას ასეთი დიდი მორალური მხარდაჭერისთვის“, — წერს სააკაშვილი.


მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არალეგალური გზებით ჩამოვიდა 2021 წლის შემოდგომაზე, რის შემდეგაც დააპატიმრეს. მან შიმშილობა გამოაცხადა ციხეში, სადაც ექვსწლიან საპატიმრო სასჯელს იხდის.  მისი ადვოკატები და ოჯახი აცხადებენ, რომ შიმშილობის შედეგად მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად დაზიანდა და მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი