ახალი ამბები

სააკაშვილის მხარდამჭერებმა რუსთავის ციხესთან აქცია გამართეს

6 მაისი, 2022 • 737
სააკაშვილის მხარდამჭერებმა რუსთავის ციხესთან აქცია გამართეს

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა რუსთავის ციხესთან აქცია გამართეს, რომლის მთავარი მოთხოვნა სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების განმარტებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის საკითხია:

“ჩვენი მთავარი სათქმელი არის მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ეს არ არის მხოლოდ პიროვნული საკითხი. ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი… ჩვენი სტრატეგია და ჩვენი ხედვაა, რომ უნდა იყოს წნეხი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იმისთვის, რომ მოხდეს ზეწოლა და მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ”, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა “მთავარ არხთან”.

“მეტი აქტიურობაა საჭირო, რომ ჩვენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დავიხსნათ იმ ტყვეობიდან, რომელშიც ის დღეს იმყოფება. ძალიან გააქტიურებულია თითოეული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი, რომელსაც ძალიან დიდი როლი მიუძღვის ამ ქვეყნის განვითარებაში. ყველა აღნიშნავს ერთხმად, რომ ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენი და მათი მხრიდან, რომ ის ადამიანი, რომელიც პუტინის ნომერ პირველი მტერია და სწორედ მათი დირექტივით ზის იქ [საპატიმროში], დავიხსნათ ტყვეობიდან”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანმა, ბაჩო დოლიძემ.


სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული, კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

რამდენიმე დღეა, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციებს მართავს და მკურნალობის მიზნით ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს, რადგან ფიქრობენ, რომ ექსპრეზიდენტს საქართველოში შესაბამის მკურნალობას ვერ ჩაუტარებენ.

მიხეილ სააკაშვილის ძმებმა გუშინ, 5 მაისს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადეს, რომ უახლოეს დღეებში სხვადასხვა აქციას გეგმავენ, შემდეგ კი თბილისში იგეგმება მასშტაბური აქცია.

გარეკანის ფოტო: კადრი “მთავარი არხი” ეთერიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი