ახალი ამბები

აქცია კანცელარიასთან სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით [live]

5 მაისი, 2022 • 1059
აქცია კანცელარიასთან სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით [live]

თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციას მართავს და მკურნალობის მიზნით ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს.

აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთში სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, რადგან ფიქრობენ, რომ საქართველოში მას შესაბამის მკურნალობას ვერ ჩაუტარებენ. ასევე, აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილისგან ითხოვენ სააკაშვილის შეწყალებას და ყველა იმ ბერკეტის გამოყენებას, რაც ქვეყნის პრეზიდენტს აქვს.

„დღითიდღე უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა… ჩვენ უფრო გავერთიანდებით და ამ აქციას მოჰყვება სიარული რეგიონებში. მე პარტიული კუთხით არ ვუდგები, ჩემთვის მთავარია ჩემი ძმის გადარჩენა და ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ გიორგი სააკაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის ძმამ.

„მე შევუერთდი აქციას, რადგან ვთვლი, რომ ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება თუ არ იქნება დაცული, არც ქვეყანა და არც საზოგადოება არ გვეყოლება. არ აქვს მნიშვნელობა, ვის მოსწონს ან არ მოსწონს ეს ადამიანი, საუბარია მის გადარჩენაზე“, – აცხადებს ელენე ხოშტარია, „დროას“ ლიდერი.


სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი