ახალი ამბები

პესკოვი არ ამბობს, მოუხადა თუ არა პუტინმა ბოდიში ისრაელის პრემიერს

6 მაისი, 2022 • 700
პესკოვი არ ამბობს, მოუხადა თუ არა პუტინმა ბოდიში ისრაელის პრემიერს

კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა არ გააკეთა კომენტარი ისრაელის პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმადაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაფტალი ბენეტთან სატელეფონო საუბრისას ბოდიში მოიხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ნათქვამის გამო.

პესკოვმა პრესკონფერენციისას ორჯერ აარიდა თავი ამ საკითხზე ნათელი პასუხის გაცემას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის ოფისმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბენეტთან სატელეფონო საუბარში ბოდიში მოიხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ანტისემიტური განცხადების გამო. კრემლის გავრცელებულ ინფორმაციაში კი ბოდიშზე არაფერი იყო ნათქვამი.

„საუბარი [პუტინსა და ბენეტს შორის] მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ამ დროისთვის ჩვენ არაფერი გვაქვს დასამატებელი იმის გარდა, რასაც წერილობით ინფორმაციაში გავავრცელეთ“, — განაცხადა პესკოვმა.

კითხვაზე, უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში ლავროვმა, პესკოვმა უპასუხა: ”დარწმუნებული არ ვარ, რომ მესმის თქვენი შეკითხვა”.

სერგეი ლავროვმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაული წარმოშობა მას ხელს არ უშლის, იყო ნაცისტი, პარალელი კი ადოლფ ჰიტლერთან გაავლო, რომელსაც, ლავროვის აზრით, ებრაული სისხლი ჰქონდა, რაც ისტორიულად არ დასტურდება.

ლავროვის განცხადების გამო დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა რუსეთსა და ისრაელს შორის.

ისრაელში დაიბარეს რუსეთის ელჩიც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ისრაელი ნეონაცისტების მხარესაა.

პუტინმა ლავროვის რეპლიკის გამო ბოდიში მოიხადა – ისრაელის პრემიერის ოფისი

მასალების გადაბეჭდვის წესი