ახალი ამბები

წულუკიანის თქმით, ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთი კორპუსის რეაბილიტაცია 20 მლნ ლარამდე დაჯდება

20 აპრილი, 2022 • 1241
წულუკიანის თქმით, ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთი კორპუსის რეაბილიტაცია 20 მლნ ლარამდე დაჯდება

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთი კორპუსის,  ე.წ. სემინარიის შენობის რეაბილიტაცია 20 მილიონ ლარამდე დაჯდება. ამის შესახებ მან „იმედთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, შენობა პრაქტიკულად წყალზე დგას და რამდენიმე ათეული მეტრის სიღრმეზე იქნება სამუშაო შესასრულებელი.

„ეს მუზეუმი ინფრასქტრუქტურულად ორი კორპუსისგან შედგება და ყველაზე მეტად გვაწუხებს ყველაზე ძველი შენობა, რომლის ფასადიც გამოდის პუშკინის სკვერში. ე.წ. „სემინარიის“ სახელით არის ცნობილი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში მას მოვლა-პატრონობა არ ჰქონია. შარშან, როდესაც ცალკე სამინისტროდ ჩამოვყალიბდით, ეს შენობა ჩაგვბარდა უმძიმეს მდგომარეობაში.

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომელიც საკმაოდ დიდი თანხები დაჯდა და აღმოჩნდა, რომ გეოლოგიური, კონსტრუქციული, ჰიდროლოგიური და სხვა ტიპის კვლევების შესაბამისად, ეს შენობა არის ნგრევის პირას მისული. დამტკიცებულია ევაკუაციის გეგმა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. პრემიერის ინიციატივაში შეტანილია ამ შენობის გამაგრების პროექტი და რეაბილიტაცია. ჩვენ შარშან შევისყიდეთ გამაგრების პროექტი და გვაქვს ხარჯთაღრიცხვაც, რომელიც ამბობს, რომ იმის მიხედვით, როგორი ფასები იქნება ბაზარზე, ეს პროექტი უნდა დაჯდეს არანაკლებ 20 მილიონი ლარი“, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, ელიან, რომ შესაბამისი კომპანიები გამოეხმაურებიან და უკვე წელს ძველი კორპუსის აღდგენაზე მუშაობას დაიწყებენ.

რაც შეეხება მეორე კორპუსს, წულუკიანის თქმით, მისი რეაბილიტაცია სამინისტრომ თავისი სახსრებით დაიწყო და ორი სართული უკვე დასრულებულია. მისი თქმით, რეაბილიტირებულ მუზეუმში ისეთი ლაბორატორია მოეწყობა, როგორიც ქვეყანაში ჯერჯერობით არ არსებობს.


შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნური მუზეუმი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ინგრევა. გარდა უშუალოდ შენობის ისტორიული ღირებულებისა, აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში აქ საქართველოს ხელოვნების ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები ინახებოდა, მათ შორის, ანჩის ხატი. შენობა რომ ავარიულია, ამაში კულტურის სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს. ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი