ახალი ამბები

მიანიჭეთ მოლდოვას EU-ს კანდიდატის სტატუსი — ევროპარლამენტის რეზოლუცია

5 მაისი, 2022 • 1511
მიანიჭეთ მოლდოვას EU-ს კანდიდატის სტატუსი — ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ევროკავშირისა და მოლდოვის თანამშრომლობის მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ის მიესალმება მოლდოვის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ამბობს, რომ ქვეყანა სწორ გზაზეა საკვანძო რეფორმების მიღებისას.

რეზოლუციის ტექსტში, რომელიც დამტკიცებულია ხელის აწევით, ნათქვამია, რომ მოლდოვა არაპროპორციულად დაზარალდა რუსეთის ომით მეზობელ უკრაინაში, რაც ძირითადად გამოწვეულია 450 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილის შესვლით მოლდოვაში ომის დაწყების დღიდან — მათგან თითქმის 100 000 მოლდოვაში რჩება; ასევე, ვაჭრობის შემცირებით და ენერგიისა და ტრანსპორტის ფასების გაზრდის გამო.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს, მეტი მხარდაჭერა გაუწიოს მოლდოვას, რაც ითვალისწინებს ახალი მაკროფინანსური დახმარების, სატრანსპორტო და ვაჭრობის ლიბერალიზაციის შემდგომი ღონისძიებების და ლტოლვილთა მართვისა და ჰუმანიტარული მიზნების მხარდაჭერის გაგრძელების გზით.

პარლამენტი მიესალმება მოლდოვის განაცხადს და აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და „დამსახურების საფუძველზე“. იმავდროულად, ევროკავშირმა და მოლდოვამ უნდა გააგრძელონ მუშაობა ქვეყნის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისა და დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას, სწრაფად დაასრულოს განაცხადის შეფასება და უზრუნველყოს მოლდოვის სრული დახმარება. დეპუტატები ევროკომისიის შეფასების შინაარსის წინასწარი განხილვის გარეშე აცხადებენ, რომ მოლდოვის ხელისუფლება უდავოდ სწორ გზაზეა საკვანძო რეფორმების გატარებით, განსაკუთრებით, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით.

„მოლდოვის რესპუბლიკამ უკვე აიღო მკაფიო ვალდებულება ევროპული გზისა და ევროპული ღირებულებებისადმი და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი არჩევანი ახლა, ომისა და გაჭირვების დროს. ამიტომ, გეოპოლიტიკური პრიორიტეტია მოლდოვის რესპუბლიკისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და დემოკრატიის კონსოლიდაცია ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში“, – თქვა მომხსენებელმა რუმინეთიდან დრაგოშ ტუდორაჩემ მანამდე, საგარეო ურთიერთობათა კომისტეტის სხდომაზე.

რეზოლუცია ასევე გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას დნესტრისპირეთის  ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მხარს უჭერს მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ევროპის პარლამენტი ხაზს უსვამს, რომ მიუღებელია, რუსეთი იარაღად იყენებდეს გაზის მიწოდებას მოლდოვაზე პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად, რათა გავლენა მოახდინოს ქვეყნის პოლიტიკურ ტრაექტორიაზე და გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე, განსაკუთრებით, ქვეყნის პროდასავლური მთავრობის ბოლოდროინდელი განლაგების შემდეგ. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას და ევროკავშირის ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ მოლდოვას ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, კავშირის, დივერსიფიკაციისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, ასევე, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების დაჩქარებას.

ევროპარლამენტს ასევე ცალკე მიღებული აქვს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირს მოუწოდებს,  უკრაინიას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი.

საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) განხორციელების ყოველწლიური ანგარიშზე დაყრდნობით მიღებულ რეზოლუციაში კი, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით შესულია შესწორება, რომლითაც ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს, აღიარონ საქართველოსა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა.

მასალების გადაბეჭდვის წესი