ახალი ამბები

ევროპარლამენტი საქართველოს და უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარების მოწოდებით გამოდის

17 თებერვალი, 2022 • 2424
ევროპარლამენტი საქართველოს და უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარების მოწოდებით გამოდის

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) განხორციელების ყოველწლიური ანგარიშზე დაყრდნობით.

რეზოლუციით ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს, აღიარონ საქართველოსა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა. რეზოლუციის ტექსტში შესაბამისი შესწორება ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით შევიდა. შედეგად, რეზოლუცია:

„იმეორებს, რომ საქართველოსა და უკრაინას აქვთ ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და შეუძლიათ, განაცხადი გააკეთონ ევროკავშირის წევრობაზე იმ პირობით, რომ ისინი დაიცავენ კოპენჰაგენის ყველა კრიტერიუმს და დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს,  ადამიანის უფლებებს, უმცირესობათა უფლებებს და დაიცვას კანონის უზენაესობას; ამიტომ, მოუწოდებს ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს, აღიარონ საქართველოსა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნების უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის და წარმოადგენს მამოძრავებელ ძალას, რომ მათ გააგრძელონ შიდა რეფორმები“.

გარდა ამისა, ანგარიში მიესალმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობას საქართველოში პოლიტიკური კრიზისის შემსუბუქებაში და მოუწოდებს მსგავსი მიდგომისკენ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ კრიზისულ და კონფლიქტურ სიტუაციებში.

რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას; მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, დაუშვას პროგრესი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში; გმობს საოკუპაციო ძალების პროვოკაციებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების გატაცებას, მკვლელობებს, უკანონო დაკავებებს და მუდმივ „ბორდერიზაციას“.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ევროპარლამენტი საკუთარ რეზოლუციებში აღიარებს საქართველოს უფლებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუმცა ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურების დოკუმენტებში ან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციებში მსგავს ჩანაწერს ვერ ვხვდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი