ახალი ამბები

“მოთვინიერების” ჩვენება ალტერნატიულ სივრცეებში გაგრძელდება

29 აპრილი, 2022 • 1253
“მოთვინიერების” ჩვენება ალტერნატიულ სივრცეებში გაგრძელდება

რეჟისორ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის (“მოთვინიერება”) ჩვენება სხვადასხვა სივრცეში გაგრძელდება, მას შემდეგ, რაც “კინოს სახლში” აღნიშნული ფილმის ჩვენებები შეწყდა.

ჯაშის ინფორმაციით, “მოთვინიერებას” 2, 3 და 4 მაისს აჩვენებენ თბილისში, თეატრალურ კომპანიაში “ჰარაკი”. სეანსები 20:00 საათზე დაიწყება, ბილეთები კი biletebi.ge-ზე განთავსდება.

5 მაისს ფილმს კაფე “მზიურში” აჩვენებენ 20:00 საათზე, 10 და 11 მაისს კი- გოეთეს ინსტიტუტში. აღნიშნული სეანსებიც 20:00 საათზე დაიწყება.

“ჩვენებები კიდევ დაემატება. ფილმის მოხსნით, რეალურად, მისი უფრო მეტად გავრცელების შესაძლებლობა გაჩნდა”, — დასძენს სალომე ჯაში.

“მოთვინიერება” ეხება ბიძინა ივანიშვილის გატაცებას გიგანტური ხეებით.

“საქართველოს უმდიდრეს და ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს უჩვეულო გატაცება აქვს: უზარმაზარ, საუკუნოვან ხეებს აგროვებს. მისი დავალებით ხეებს ზღვისპირეთიდან თხრიან და ხელოვნურად გაშენებულ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ.

ულამაზესი ხეების მოგზაურობის მომაჯადოებელი სურათის ფონზე იკვეთება ადამიანის მიერ ბუნების მოთვინიერების თემა და სხვა უნივერსალური საკითხები”, — ნათქვამია ფილმის აღწერაში.

28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჩვენებები, რომლებიც თბილისში, “კინოს სახლში” უნდა გამართულიყო, “საქართველოს კინოაკადემიის” გადაწყვეტილებით გაუქმდა. აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტი მინდია ესაძე აცხადებს, რომ ფილმი “პოლიტიკურად მოტივირებულია”.

ფილმი “მოთვინიერება” არაერთ ქვეყანაში უკვე აჩვენეს. მისი პრემიერა სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე შედგა.

საქართველოში ფილმი აჩვენეს თბილისისა და ბათუმის კინოფესტივალებზე. მისი ჩვენება შედგა რეგიონებშიც. კინოს სახლში მხოლოდ ორი სეანსი ჩატარდა, 10 და 28 აპრილს. სხვა ყველა სეანსი გაუქმდა.

კრიტიკოსები ჩვენებების გაუქმებას ცენზურად აფასებენ. “საქართველოს პენცენტრი” აღნიშნავს, რომ “სალომე ჯაშს არ ეძლევა შემოქმედებითი რეალიზების საშუალება, რადგან მისი დოკუმენტური ფილმი არის ბიძინა ივანიშვილის ჰობის შესახებ”.

“კინოაკადემიის” პრეზიდენტი ამბობს, რომ ფილმის საკითხზე კულტურის სამინისტროსთან კომუნიკაცია არ ჰქონია და ის “სრულიად დამოუკიდებელ” ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი