ახალი ამბები

პარკების მწარმოებელი 51 ობიექტიდან 37-ში სამართალდარღვევა გამოავლინეს

4 მაისი, 2022 • 754
პარკების მწარმოებელი 51 ობიექტიდან 37-ში სამართალდარღვევა გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, თბილისსა და იმერეთის, გურიის, აჭარის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში არსებულ პარკების მწარმოებელ 51 ობიექტზე მასშტაბური ინსპექტირება განახორციელეს და შედეგად, 37 ობიექტზე სამართალდარღვევები გამოავლინეს.

უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯამში, დალუქეს 3 529 675 ცალი და 23 378 კგ პარკი, 60 ცალი და 8036 კგ რულონი და პარკებით სავსე 1501 ცალი ტომარა.

ზედამხედველობის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 472-ე დადგენილება „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პერმანენტულად ახორციელებს პარკების მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირებას:

„მასშტაბური ინსპექტირების მიზანია პრევენცია, რათა საცალო ქსელში არ მოხვდეს პლასტიკის პარკები და, შესაბამისად, მაქსიმალურად შემცირდეს გარემოს დაბინძურება. 2019 წლის ივლისიდან საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია (გარდა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა). ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი საკანონმდებლო მოთხოვნებთან შეუსაბამო პარკები დაილუქება და დაექვემდებარება კონფისკაციას“, – აცხადებენ უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი