ახალი ამბები

მოვუწოდებთ EU-ს, მიანიჭოს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი – გახარია

3 მაისი, 2022 • 1172
მოვუწოდებთ EU-ს, მიანიჭოს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი – გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირს მოუწოდებს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ამის შესახებ გახარია განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, ევროინტეგრაცია საქართველოს ისტორიული არჩევანი და დამოუკიდებლობის გარანტია და დღეს, როდესაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, მნიშვნელოვანია, ქვეყნის ინტერესებისთვის ყველა ერთად დადგეს.

„არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის დღეს ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში და როგორია ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ, დღეს ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის მომავალი და ბედი წყდება.

მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანი და მშვიდობიანი ევროპის იდეის აღსრულებისთვის. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, მის ფარგლებს გარეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას. ჩვენმა სამშობლომ ამისთვის ფასი უკვე არაერთხელ გადაიხადა“, – აცხადებს გახარია.


საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მანამდე „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2024 წელს, ხოლო კანდიდატის სტატუსს 2030 წლამდე ელოდა.

საქართველოსა და მოლდოვას 11 აპრილს გადაეცა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი. საქართველომ კითხვარის პირველი ნაწილი უკვე შეავსო, მეორე ნაწილის შევსებას კი 13 მაისამდე დაასრულებს.

ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი. კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარი (Questionnaire) წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ხდება გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

როგორც წესი, კითხვარის შევსების და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა წლები გრძელდება, თუმცა ამჯერად პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს და ქვეყნებს კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა მიეცათ, ევროკომისიის შეფასება კი, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მზად.

მასალების გადაბეჭდვის წესი