ახალი ამბები

EU-ს კითხვარის პასუხების გამოქვეყნება მთავრობის გადასაწყვეტია – ჰარცელი

3 მაისი, 2022 • 871
EU-ს კითხვარის პასუხების გამოქვეყნება მთავრობის გადასაწყვეტია – ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ  ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თვითშეფასების კითხვარზე პასუხების გასაჯაროება მთავრობის გადასაწყეტია. ამის შესახებ მან დღეს, 3 მაისს, ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ჰარცელი აღნიშნავს, რომ მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას კითხვარის გასაჯაროებასთან დაკავშირებით.

„აქ თამაშის წესები ასეთია: ევროკავშირი მთავრობას უტოვებ უფლებას, მან გადაწყვიტოს, გამოაქვყენოს თუ არა კითხვარი და კითხვარის პასუხები.  მე ძალიან მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას კითხვარის გასაჯაროებასთან დაკავშირებით. ახლა მათი გადასწყვეტია პასუხების გამოქვეყნება.  რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ან ევროკომისიის მოსაზრებას, როდესაც იქნება ოფიციალური დასკვნა, ის იქნება საჯარო“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა ევროკავშირის კითხვარზე, ქვეყნის სახელით, მომზადებული პასუხების გასაჯაროებაზე. არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ და ევროკავშირის კითხვარზე მომზადებული პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ.


საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მანამდე „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2024 წელს, ხოლო კანდიდატის სტატუსს 2030 წლამდე ელოდა.

საქართველოსა და მოლდოვას 11 აპრილს გადაეცა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი. საქართველომ კითხვარის პირველი ნაწილი უკვე შეავსო, მეორე ნაწილის შევსებას კი 13 მაისამდე დაასრულებს.

ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი. კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარი (Questionnaire) წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ხდება გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

როგორც წესი, კითხვარის შევსების და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა წლები გრძელდება, თუმცა ამჯერად პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს და ქვეყნებს კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა მიეცათ, ევროკომისიის შეფასება კი, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მზად.

მასალების გადაბეჭდვის წესი