ახალი ამბებიეკონომიკა

ხაზარაძე: “ბორჯომი” სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს და მოქალაქეებზე გაასხვისოს

29 აპრილი, 2022 • 3665
ხაზარაძე: “ბორჯომი” სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს და მოქალაქეებზე გაასხვისოს

პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კომპანია „IDS ბორჯომი — საქართველო“, რომელმაც რუსეთისა და რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ქარხნების მუშაობა დროებით შეაჩერა, ამჟამინდელი მფლობელებისგან სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს, შემდგომში კი საქართველოს მოქალაქეებზე გაასხვისოს.

„ბორჯომის“ ოფიციალურ მწარმოებელს საქართველოში კომპანია IDS Borjomi Georgia წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, IDS Borjomi International- ის ნაწილია. IDS Borjomi International აერთიანებს მინერალური წყლის მწარმოებელ კომპანიებს საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში.

IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი” ფლობს, რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულთა სიაშია.

„გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან [არის ის, რომ] სახელმწიფომ უნდა გამოისყოდოს “ალფა ჯგუფისგან” “ბორჯომის” კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე.

მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და, ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

„ნეტგაზეთს“ „IDS ბორჯომი — საქართველოში“ განუცხადეს, რომ კომპანიაში 1 500 ადამიანი მუშაობს და მათთვის ხელფასების გადახდა გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი