ახალი ამბები

მთავრობა ევროკავშირის კითხვარზე პასუხებს არ გაასაჯაროებს – დარჩიაშვილი

29 აპრილი, 2022 • 797
მთავრობა ევროკავშირის კითხვარზე პასუხებს არ გაასაჯაროებს – დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მთავრობა ევროკავშირის გაწევრიანებისთვის თვითშეფასების კითხვარზე პასუხებს არ გაასაჯაროებს. ამის შესახებ მან დღეს, 29 აპრილს, განაცხადა.

„ჩვენა ამის ვალდებულება არ გვქონდა, თუმცა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე კითხვარის ნაწილი გავასაჯაროეთ. რაც შეეხება პასუხებს, აქ არის საკითხები, რომლის გასაჯაროვება სასურველი და მიზანშეწონილი არ არის. შესაბამისად, საჯაროობის ნაწილში მხოლოდ კითხვარით შემოვიფარგლებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების თვითშეფასების კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა და პასუხებს ევროკომისიას 2 მაისს დაუბრუნებს.

ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი, რომელიც ქართულმა მხარემ გაასაჯაროვა, 369 კითხვისგან შედგება. მეორე, სექტორული ნაწილი, დარჩიაშვილის თქმით, დაახლოებით  2 300 კითხვისგან შედგება.


საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მანამდე „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2024 წელს, ხოლო კანდიდატის სტატუსს 2030 წლამდე ელოდა.

საქართველოსა და მოლდოვას 11 აპრილს გადაეცა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი.

ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი. კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარი (Questionnaire) წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ხდება გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

როგორც წესი, კითხვარის შევსების და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა წლებით გრძელდება, თუმცა ამჯერად პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს და ქვეყნებს კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა მიეცათ, ევროკომისიის შეფასება კი, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მზად.

მასალების გადაბეჭდვის წესი