ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იოგ სადგურუს შეხვდა

28 აპრილი, 2022 • 882
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იოგ სადგურუს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი გლობალური მოძრაობის — „გადავარჩინოთ ნიადაგი“ — დამფუძნებელ სადგურუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ და სადგურუმ საქართველოში ნიადაგის დაცვის მხრივ არსებული გამოწვევები და მიღწევები განიხილეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი, კულტურის კომიტეტის წევრი ხათუნა კვიციანი და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი.

სადგურუ არის თანამედროვე იოგი, მისტიკოსი და ჰუმანისტი, რომელიც საკუთარი გამოსვლებით პოპულარულია სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტში. ის ამჟამად დიდი ბრიტანეთიდან ინდოეთამდე მოგზაურობს და ნიადაგის დაცვასთან დაკავშირებით კონფერენციებს და შეხვედრებს ატარებს.

სადგურუმ 2021 წელს წამოიწყო ახალი პროექტი „ცნობიერი პლანეტა“ [Conscious Planet (Save Soil)], მისი თქმით, კამპანიის მიზანი ნიადაგის გადარჩენაა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სადგურუმ 26 აპრილს თბილისში, სპორტის სასახლეში ღონისძიება გამართა თემაზე „ნიადაგი და ნიადაგის მსოფლიო კრიზისიდან გამოსავალი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი