ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანის კორტეჟმა ავტოსაგზაო შემთხვევისას ორსული ქალი იმსხვერპლა

28 აპრილი, 2022 • 2552
ფაშინიანის კორტეჟმა ავტოსაგზაო შემთხვევისას ორსული ქალი იმსხვერპლა

Azatutyun.am-ის [რადიო თავისუფლების სომხეთის სამსახური] ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის აპარატის წარმომადგენლის, ტარონ ჩახოიანის განცხადებით, ნიკოლ ფაშინიანმა პირადად დაურეკა და მიუსამძიმრა 28 წლის ორსული ქალის, სონა მნაცაკანიანის მამას. სონა მნაცაკანიანი 26 აპრილს ერევანში, პრემიერის კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილის დაჯახების შედეგად დაიღუპა. ექიმებმა ვერც ნაყოფის გადარჩენა შეძლეს.

გამოცემა წერს, რომ პრემიერის აპარატმა მხოლოდ 24 საათის შემდეგ დაადასტურა, რომ ავტომობილი, რომელიც ქალს დაეჯახა, ფაშინიანის კორტეჟს ეკუთვნის. თავად პრემიერი კი, როგორც აპარატის წარმომადგენელმა თქვა, ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილიდან 100-150 მეტრის მანძილის დაშორებით იმყოფებოდა, თუმცა მომხდარის შესახებ მოგვიანებით გაიგო.

საგამოძიებო კომიტეტი ასევე ადასტურებს, რომ ავტომობილის საჭესთან მყოფი ოფიცერი ინციდენტიდან მხოლოდ ორი საათის შემდეგ მივიდა შემთხვევის ადგილზე. ოფიციალური ინფორმაციითვე, ის დაკავებულია შემთხვევის ადგილის დატოვების, საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევისა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი