ახალი ამბები

სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს — კონსილიუმის დასკვნა

27 აპრილი, 2022 • 974
სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს — კონსილიუმის დასკვნა

სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აღენიშნება.

ექიმების თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია და დეპრესიის ნიადაგზე მას ანორექსია განუვითარდა.

კონსილიუმის ექიმ თენგიზ წულაძის თქმით, ცილოვანი შიმშილის მკურნალობაა ცილოვანი საკვების მიღება, თუმცა პაციენტი ამაზე უარს აცხადებს.

„ამბობს, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის გამო არ იღებს ცილოვან საკვებს და არ შეუძლია რეაბილიტაცია მიიღოს იმ ხალხისგან, ვინც ეს პრობლემა გამოიწვია მასთან — ეს მისი სიტყვებია“, — განმარტა აბულაძემ.

აბულაძის განმარტებით, საქართველოში ამ მდგომაროების მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ იმ გარემოში, სადაც არის, ძალიან რთულია, რადგან პაციენტი იმ გარემოში მიწოდებულ ფსიქოლოგიურ დახმარებას არ იღებს.

„ჩემი აზრით, საჭიროა გარემოს შეცვლა“, — თქვა აბულაძემ, თუმცა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ გადაყვანის რეკომენდაცის გაცემა მისი პრეროგატივაა არაა და მხოლოდ სამედიცინო მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

„სუსტად გამოიყურება. ვნახეთ გარკვეული დარღვევები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტს უარყოფითი კატაბოლური მდგომარეობა აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმი ინელებს საკუთარ თავს, ანუ იმ ცილებს, რომელიც არ მიეწოდება გარედან, ორგანოების და კუნთების დაშლის საშუალებით იღებს. შესაბამისად, კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება ამ დროს და ამიტომ არის მდგომარეობა გაუარესებული.

ჩვენი აზრით, ამ მდგომარეობის მიზეზი შეიძლება იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია, რამაც საბოლოოდ მოგვცა ანორექსია. ამჟამად ის იღებს თავისი რეგულარულად მიღებადი ნორმის, კალორიის დაახლოებით 1/4-დან 1/3-მდე — 600-800 კალორიას დღეში, რაშიც ცილები არ შედის და ცილოვანი შიმშილის ფონზე კუნთოვანი მასა შემცირებულია. გამოხატულია წნევის ვარდნა წამოდგომისას, რასაც გონების დაკარგვის წინარე მდგომაროება მოჰყვება ხოლმე. მოსალოდნელია, რომ გონების დაკარგვაც მოჰყვეს“, — განაცხადა თენგიზ წულაძემ დღეს, 27 აპრილს.

მისი თქმით, შეიკრა მანკიერი წრე, როცა გაუარესებული მდგომარეობა კიდვე უფრო აუარესებს პაციენტის ფიქოლოგიურ სტატუსს.

„ჩვენ სულ ვიძლეოდით რეკომენდაციებს ნეიროფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციაზე. ციხეში უტარდება ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა, სამედიცინო კონსულტაციები, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გარემო საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

ვერ ხდება შეთანხმება პაციენტს და ციხის სამედიცინო პერსონალს შორის და, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ის უარს ამბობს ცილოვანი საკვების მიღებაზე და სახეზეა ცილოვანი შიმშილი. ეს არის ჩვენი დასკვნა“, — განაცხადა აბულაძემ.

კითხვაზე, ვერ თუ არ იღებს მიხეილ სააკაშვილი ცილოვან საკვებს, ექიმები პასუხობენ, რომ „ვერც და არც“ — ამბობს, რომ ცილოვან საკვებს როცა იღებს, ყოველ ჯერზე გული ერევა, შესაბამისად, ვერ იღებს.

ამასთან, კონსილიუმის განმარტებით, საქართველოში არ არის ერთი დიდი ცენტრი, სადაც ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის გავლა ერთად შეიძლება, თუმცა ცალ-ცალკე თერაპირების ჩატარება შესაძლებელია.

კონსილიუმის დასკვნის თანახმად, ბოლო ვიზიტთან (11.01.2022) შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული.

„პაციენტი ამჟამად არის უარყოფით კატაბოლურ მდგომარეობაში (ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს – ერთგვარი თვითმონელება). კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მიხეილ სააკაშვილს ფორმალურად შიმშილობა არ აქვს გამოცხადებული, წინა შიმშილობისგან განსხვავებით, მიმდინარეობს წონის კლება კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ცილოვანი შიმშილი (მიზეზი – ანორექსია).

ექიმთა ჯგუფის დასკვნაში ნათქვამია, რომ რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული დაავადების, დეპრესიისა და ანორექსიის მანკიერი წრიდან გამოსასვლელად ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში — ზოგადად, საკვების მიღების ასეთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა და კერძოდ, ცილოვანი შიმშილი — გარდაუვლად გამოიწვევს კუნთოვანი და ორგანული წონის მნიშვნელოვან კარგვას, ინფექციების მაღალ რისკსა და შინაგან ორგანოთა სისტემების მოქმედების მოშლას.

„ამასთან აღსანიშნავია, რომ არ/ვერ შესრულდა სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დეკემბერ-იანვარში გაცემული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით. მედიკამენტოზურმა მკურნალობამ, რომელიც ამ პერიოდის შემდეგ პაციენტს მიეწოდებოდა, შედეგი არ გამოიღო და მდგომარეობა დამძიმდა. შესაბამისად, მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელება, ანალოგიურ პირობებში, დასახელებული რეკომენდაციების შეუსრულებლად, იქნება არაეფექტიანი, მომავალში კვლავ ვერ გამოიღებს დადებით შედეგებს და გამოიწვევს პაციენტის მდგომარეობის ზემოაღნიშნული ფორმით მკვეთრად დამძიმებას, რამაც, შესაძლოა, შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს“, — ნათქვამია დაკვნაში.

სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან:

  • გიორგი გრიგოლია
  • გრიგოლი ხურციძე
  • გიორგი კაჭარავა
  • გიორგი პაპიაშვილი
  • აიდა გოზალოვა
  • თენგიზ წულაძე
  • ნინო ზავრაშვილი

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეებში ჩამოვიდა არალეგალური გზებით, რის შემდეგაც ის დააკავეს. მან ციხეში შიმშილობა არაერთხელ გამოაცხადა, რის გამოც სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალშიც იყო გადაყვანილი. სააკაშვილი მიიჩევს, რომ მას ხელისუფლება პოლიტიკური მოტივებით სდევნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი