ახალი ამბები

პენიტენციურის თქმით, სააკაშვილს ყველა საჭირო კვლევა უტარდება, ადვოკატი ამას უარყოფს

22 აპრილი, 2022 • 1297
პენიტენციურის თქმით, სააკაშვილს ყველა საჭირო კვლევა უტარდება, ადვოკატი ამას უარყოფს

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო სამედიცინო კვლევა უტარდება, მისი დაცვის მხარე ამას უარყოფს.

დღეს, 22 აპრილს პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილის პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან ინტენსიური, 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშაა.

„უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით, მკურნალი ექიმისა და ადგილზე არსებული სამედიცინო პერსონალის უშუალო ზედამხედველობასთან ერთად, უტარდება სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია (ფსიქიატრი, დერმატოლოგი, უროლოგი, ჰემატოლოგი, გასტროენტეროლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი). დანიშნული აქვს და მიეწოდება შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა, რაც ასახულია დაწესებულებაში არსებულ სამედიცინო ბარათში.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდადებული შერჩევითად უარს აცხადებს რიგ კვლევებზე, მათ შორის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებაზე და რეკომენდებულ ფიზიკურ აქტივობაზე“, – ამბობს პენიტენციური.

უწყება დასძენს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სააკაშვილს ჩატარებული  „აქვს მრავალი კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, მათ შორის, მიმდინარე წლის 06 მარტს არსებული რესპირატორული სიმპტომების გამო მ.სააკაშვილს ჩაუტარდა PCR ტესტირება, თუმცა კორონავირუსი არ დაუდასტურდა,“.

პენიტენციური უარყოფს ცნობებს სააკაშვილის პრეპარატებით ინტოქსიკაციის შესახებ და ამბობს, რომ გაატარებს ყველა საჭირო ზომას მისი უსაფრთხოებისა და სათანადო პირობებით უზრუნველყოფის მიზნით.

„მტკნარი სიცრუეა, თითქოს მიხეილ სააკაშვილს უტარდება ყველა საჭირო კვლევა და სასაცილოა, რომ PCR ტესტის ჩატარებაა აღნიშნული. თუ ამას მიიჩნევენ შესაბამის კვლევად, რომ ამ პერიოდში – დაპატიმრებიდან, პოლიტიკურ ტყვეობაში აყვანიდან – ერთხელ გაუკეთეს PCR ტესტირება, კი, ნამდვილად გაუკეთეს“, – ამბობს „მთავარ არხთან“ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი.

ის ამატებს, რომ „თუ სერიოზულად ვსაუბრობთ საკითხზე, სამედიცინო გამოკვლევებზე“, სააკაშვილი მხოლოდ ერთხელ ჰყავდათ გადაყვანილი მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიაზე

„რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და რომლის გაკეთებაც შეიძლებოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში არსებულ ავერსის კლინიკაში – იქ არ მიიყვანეს, ელემენტარულად, და არ გაუკეთეს ეს კვლევა.

4 თვეა მოკლებულია შესაძლებლობას, მის პირად ექიმთან გაიაროს კონსულტაცია და კვლევებთან მიმართებით მისი პოზიცია იყო ის, რომ მის ექიმებს მისცემოდათ შესაძლებლობა – რაც ყოველგვარი პასუხისა და არგუმენტაციის გარეშე ფიზიკურად არ გვაქვს. მაშინ, როდესაც ნებისმიერი პირის უფლებას წარმოადგენს, თავად აირჩიოს სამედიცინო მომსახურების გამწევი პირიც და დაწესებულებაც, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევებში“, – აცხადებს საძაგლიშვილი.

ის ასევე ამბობს, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად – „უსპობს ჯანმრთელობას მიხეილ სააკაშვილს“.

ნახეთ ასევე:

ადვოკატები ამბობენ, რომ სააკაშვილი მძიმედაა და შუამდგომლობას აყენებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი