ახალი ამბები

ტროტუარზე გაჩერებულ ავტომობილს დაუყონებლივ გადაიყვანენ საჯარიმოზე — კანონპროექტი

27 აპრილი, 2022 • 1129
ტროტუარზე გაჩერებულ ავტომობილს დაუყონებლივ გადაიყვანენ საჯარიმოზე — კანონპროექტი

თბილისის მერიის ინიციატივით, პარლამენტი გეგმავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, მკაცრდება ჯარიმები ავტომობილების არასწორი პარკირებისა და ტროტუარზე გაჩერებისთვისთვის.

პარლამენტის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებები გამოიწვევს ფეხით მოსიარულეების, შშმ პირების, ველოსიპედებითა და ელექტროტრანსორტით მოსარგებლე მოქალაქეების უფლებების დაცვის მეტი გარანტიის უზრუნველყოფას, რაც პირდაპირპროპორციულ გავლენას მოახდენს მთლიანად სატრანსპორტო პოლიტიკის ფუნქციონირებაზე.

პროექტის თანახმად:

  • ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტორტუარზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ დაექვემდებარება ევაკუაციას;
  • მუნიციპალიტეტს მიენიჭება უფლება, განსაზღვროს საავტობუსე ზოლზე ტაქსის გადასვლის ადგილები და პირობები;
  • უქმდება მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვების წესი, სამართალდამრღვევს ოქმი გაეგზავნება სტანდარტული წესით და, ამავდროულად, მიუვა სმს შეტყობინება;
  • ამასთან, ავტომობილის ველოსიპედის ბილიკზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება, ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება, სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება, ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება და შშმ პირებისთვის განკუთვნილ გაჩერების ადგილზე პარკირება, გამოიწვევს დაჯარიმებას არსებული 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით;
  • მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების პარკირება ასევე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

დავითულიანის განცხადებით, ზონალური პარკირების სისტემის დანერგვამ განაპირობა ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობასა და პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის 10- დან 50 ლარამდე გაზრდის საჭიროება.

მასალების გადაბეჭდვის წესი