ახალი ამბები

დავით ხიდაშელი ქველმოქმედია, ვთვლი, რომ ამ კაცის ვალი მიმყვება — ივანიშვილი

12 იანვარი, 2021 • 3433
დავით ხიდაშელი ქველმოქმედია, ვთვლი, რომ ამ კაცის ვალი მიმყვება — ივანიშვილი

“ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, დავით ხიდაშელი, რომელიც ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ფიგურირებს და აცხადებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკა მოიძია, ქველმოქმედი და გმირია. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ივანიშვილი ამბობს, მას დავით ხიდაშელის “ვალი მიჰყვება”.

“დათო ხიდაშელი, რომელმაც რუკები მოიპოვა, მე ვიცი, როგორი საშუალებებით მოიპოვა მან ეს რუკები სხვადასხვა ქვეყნიდან, საკუთარი კაპიტალიც ბევრი დახარჯა და იმის იქითაც ქვეყანას საკმაოდ ბევრს ახმარს. თუკი ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ მე რაღაც განსაკუთრებული გავაკეთე, ეს კაცი არანკლები ქველმოქმედია ჩემზე და არანაკლები პატრიოტი, არანაკლები დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. მის ყველა ქმედებას მე აბსოლუტურად გმირობად ვთვლი. რაც მან გაუკეთა ქვეყანას, მე ვთვლი, რომ ეს არის ჭეშმარიტი გმირობა. ჩვენ ჩვენს მეზობელთან კამათსაც გადაგვარჩინა და სირცხვილსაც, რომ ჩვენი კულტრული ძეგლი ლამის შუაზე იჭრებოდა. ეს გააკეთა გულწრფელად, თავისი გონებით, შემართებით, რესურსებით, ფინანსებით… მე პირადად უამრავი მადლობა გადავუხადე მას და ვთვლი, რომ ვალი მიმყვება ამ კაცის”, — განაცხადა ივანიშვილმა.

დავით ხიდაშელი, რომელიც ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ფიგურირებს, აცხადებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკის მოძიება ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის სექტემბერში სთხოვა.

ხიდაშელი “რუსთავი 2-თან” ამბობს, რომ 25 წელია შვეიცარიაში ცხოვრობს და მსოფლიოს 40 ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობას ეწევა, მათ შორის ასახელებს სატელეკომუნიკაციო, მედიცინისა და ბიოტექნოლოგიების მიმართულებით საქმიანობას.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან კავშირს, ხიდაშელი აცხადებს, რომ პირველად “ქართული ოცნების” დამფუძნებელს 2017 წელს შეხვდა და სწორედ მაშინ გაიცნო.

კარტოგრაფების საქმეზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებული.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და, შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

“ივანიშვილმა 2019 წლის სექტემბერში დამირეკა და რუკის მოძიება მთხოვა” – ხიდაშელი

მასალების გადაბეჭდვის წესი