ახალი ამბები

ჭიათურაში ალტ-ინფოს პარტიის ოფისს „პუტინის ოფისი“ დააწერეს

26 აპრილი, 2022 • 975
ჭიათურაში ალტ-ინფოს პარტიის ოფისს „პუტინის ოფისი“ დააწერეს

ჭიათურაში პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისს „პუტინის ოფისი“ დააწერეს.

ოფისის კარზე წითლად არის გადაღებილი სიტყვა „კონსერვატიული“, წითელი საღებავითვეა ორი წარწერა დატოვებული: „პუტინის ოფისი“ და „პრივეტ ბორია“.

ფოტოები ჭიათურელმა აქტივისტმა, ნოდარ ჩაჩანიძემ გაავრცელა ფეისბუკზე.

წყარო: ნოდარ ჩაჩანიძე

ამასთან, კარზე გაკრულია წარწერა: „რუსეთის ოფისი“, ხოლო გვერდითა ფანჯარაზე დატანილია აკაკი წერეთლის დიდი ზომის ფოტო და ანტირუსული ლექსი:

წყარო: ნოდარ ჩაჩანიძე


რეგიონებში „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისების გახსნას მოჰყვა ადგილობრივი აქტივისტების პროტესტი არაერთ მუნიციპალიტეტში .

რამდენიმე ქალაქში ოფისები შეღებეს, ზოგგან უკრაინის და ევროკავშირის დროშები დახატეს და ა.შ.

ზოგიერთ შემთხვევაში (მესტიაში, ხულოსა და შუახევში) „კონსერვატიულ მოძრაობას“ საოფისე ფართი დაატოვებინეს.

„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა.

აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).

ტვ „ალტ-ინფო“, რომელიც თავს უწოდებს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს, მედიამონიტორების შეფასებით, „ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი