ახალი ამბები

ბოკერია „ბრიყვულს“ უწოდებს „ლელოს“ ინიციატივას Z-ის აკრძალვაზე

21 აპრილი, 2022 • 3147
ბოკერია „ბრიყვულს“ უწოდებს „ლელოს“ ინიციატივას Z-ის აკრძალვაზე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია „ბრიყვულს“ უწოდებს პარტია „ლელოს“ ინიციატივას უკრაინის ომში რუსეთის მიერ გამოყენებული სიმბოლოების, Z-ის, V-ისა და გეორგიევსკის ბაფთის აკრძალვის შესახებ.

„საპარლამენტო ოპოზიცია და, კერძოდ, „ლელო“ კვლავ ფუნდამენტურად არასწორი მიმართულებით ცდილობს საზოგადოების ფოკუსის გადატანას. ჩვენს პრობლემას პუტინისტი მთავრობა წარმოადგენს და არა რაღაც სიმბოლოები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი შეფასებით, მცდელობა, რომ კანონმდებლობით აიკრძალოს სიმბოლოები, ფუნდამენტურად არასწორია.

„ჩვენი პრობლემა არის, რომ მთავრობა გვყავს, რომელიც პუტინთან თანამშრომლობს, პუტინისტი, ოპორტუნისტი და კოლაბორაციონისტია; ქვეყნის შიგნით გვყავს პუტინისტების ქსელი, რომელიც ძალადობას სჩადის, პირდაპირ არიან დაკავშირებულნი ჩვენი მტრის რეჟიმთან ადმინისტრაციულად და მათ მიმართ არ იდგმება ის ნაბიჯები, რომელიც დღევანდელი კანონმდებლობით სრულიად ლეგიტიმურად გადასადგმელია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.


უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, სიმბოლოები, რომელთაც რუსული არმია იდენტიფიკაციის მიზნით იყენებს, არაერთ ქვეყანაში, მათ შორის მოლდოვაში, აიკრძალა.

გეორგიევსკის ბაფთა მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების სიმბოლოა, თუმცა დღევანდელ რუსეთში პანრუსული შოვინიზმისა და იმპერიალიზმის სიმბოლოდ იქცა.

„ლელოს“ განცხადებით, მსგავსი პროპაგანდისტული სიმბოლოების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ეროვნული ინტერესია.

„ჩვენს ასობგერასა და ანბანში Z და V სხვანაირი ფორმის არის და დაგვანებონ თავი ცოტა ხანი. ლათინური სიტყვებიდან Z და V ამოვაგდოთ თუ რას ითხოვენ? ფილმი „ზორო“ აღარ გავუშვათ თუ…“, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ წევრი პარლამენტარი ირაკლი ქადაგიშვილი „ლელოს“ ინიციატივას.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი