მარინ ლე პენის და სხვა ევროსკეპტიკოსი პოლიტიკური ჯგუფების კვალდაკვალ “ქართული ოცნება” ბრიუსელს აკრიტიკებს იმის გამო, რომ ისლანდიის მოსახლეობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა რეფერენდუმის გზით. ანალიტიკოსი შეფასებით, ისლანდიისა და საქართველოს მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება, რადგან ის “კარგსა და კარგს” შორის აკეთებდა არჩევანს, საქართველოს შემთხვევაში კი “ოცნების” წყალობით არჩევანი ევროინტეგრაციასა და რუსეთს შორის დგას.

რა მოხდა ისლანდიაში და რა თქვა პაპუაშვილმა

კვირას ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ისლანდიის მოქალაქეებმა მხარი არ დაუჭირეს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას.

ისლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 225 031 ამომრჩევლიდან 52.8%-მა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების წინააღმდეგ მისცა ხმა, 47.2%-მა მხარი დაუჭირა. მათ შორის სხვაობა დაახლოებით 12 600 ხმა იყო.

დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა, რომელიც ხშირად გამოირჩევა ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების პოლიტიკის კრიტიკით.

მისი შეფასებით, ისლანდიის გადაწყვეტილება „ეს არის კრახი ბრიუსელის დღევანდელი ხელმძღვანელობის პოლიტიკისა“, რომ ნატოს წევრი ქვეყანას, რომელიც EU-სთან ინტეგრაციის ძალიან მაღალ დონეზეა, არ სურს ევროკავშირში გაწევრიანება.

„იმიტომ რომ ბრიუსელი, ის პოლიტიკური ჯგუფები თუ ადამიანების ჯგუფები, ვინც დღეს მართავენ ევროკავშირს, მათ საკუთარი უმწიფარი საგარეო პოლიტიკით, თავქარიანი შიდა პოლიტიკით მიაღწიეს იმას, რომ ქვეყანა – ისლანდია, რომელიც არის ევროკავშირის ეკონომიკური გაერთიანების წევრი, ნატოს, შენგენის ზონის წევრი, ბევრი მხრივ არის ინტეგრირებული და აქ კითხვაა, რომ თუკი ასეთი ინტეგრაცია არის, რაღა უდგას წინ, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, მათაც კი, უარი თქვეს მოლაპარაკებების განახლებაზე იმდენად დიდია უნდობლობა“, – თქვა პაპუაშვილმა.

მისივე მტკიცებით, თუ ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება და „თავისი სუვერენიტეტის რაღაც ნაწილს დაუთმობს ბრიუსელს“, შემდეგ შეიძლება ამ უკანასკნელმა ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც ისლანდიას დააზიანებს. პაპუაშვილმა ახსენა ეკონომიკაც.

მთავარი მიზეზი

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი მელაშვილი გვეუბნება, რომ მთავარი და ფაქტობრივად, ერთადერთი მიზეზი, რატომაც ისლანდიის მოსახლეობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, არის თევზი. მისი თქმით, ისლანდიელები შიშობენ, რომ თუ ისინი ევროკავშირის წევრები გახდებიან, სხვა ევროპელ თევზმჭერებს მიეცემათ სამართლებრივი უფლება გემებით შევიდნენ მათ ტერიტორიულ წყლებში და ითევზაონ.

თევზჭერა ისლანდიისთვის მხოლოდ ეკონომიკის სექტორი არ არის. ის ამ ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და, ფაქტობრივად, ფიზიკური გადარჩენის მთავარი საყრდენია. საუკუნეების განმავლობაში, მკაცრი კლიმატის გამო, მიწათმოქმედება ისლანდიაში თითქმის შეუძლებელი იყო, ამიტომ ოკეანე იქცა საკვებისა და შემოსავლის ერთადერთ სტაბილურ წყაროდ. ვირთევზა არის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი თევზი ისლანდიისთვის, რადგან მასზეა დამოკიდებული თევზჭერის ინდუსტრიის უდიდესი ნაწილი.

„ისლანდიის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის თევზჭერა. ისლანდიელებს არ უნდოდათ, რომ მათ ტერიტორიულ წყლებში გამოჩენილიყვნენ თევზმჭერი გემები საბერძნეთიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან, რაც მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ისლანდია ოდესმე გაწევრიანდებოდა ევროკავშირში“, – ამბობს ის.

მელაშვილი ხაზს უსვამს, რომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული ისლანდია და ნორვეგია აგრძელებენ ევროკავშირის სივრცესთან ინტეგრაციას, მაგრამ ამავდროულად არ არიან წევრი სახელმწიფოები. ისლანდია 1970 წელს შეუერთდა თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციას.

მისივე თქმით, ისლანდიას არჩევანი ჰქონდა კარგსა და კარგს შორის – „არსებული ინტეგრაციის დონის შენარჩუნება თუ გაწევრიანება“.

ისე, რომ კავშირის წევრი არ არის, ისლანდია დღესაც სარგებლობს ევროკავშირის საერთო ბაზრის მთავარი პრინციპით, რაც გულისხმობს საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას. ისლანდიის ექსპორტის (ძირითადად ზღვის პროდუქტები და ალუმინი) დაახლოებით 70% ევროპის ბაზარზე გადის. საერთო ბაზარი ნიშნავს, რომ ეს პროდუქცია საბაჟო გადასახადებისა და ტარიფების გარეშე იყიდება ევროკავშირში. ასევე, ისლანდიის მოქალაქეებს აქვთ სრული უფლება, ყოველგვარი დამატებითი ვიზის ან ნებართვის გარეშე იცხოვრონ, იმუშაონ და ისწავლონ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში (და პირიქით, ევროპელებს – ისლანდიაში, რაც ტურიზმისა და მომსახურების სექტორს ეხმარება).

თუმცა მელაშვილი ამბობს, რომ იმით, რომ წევრი არ არის, ისლანდია კარგავს ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას.

„ისლანდია რომ ყოფილიყო ევროკავშირის წევრი, ის იქნებოდა ევროპარლამენტის ნაწილი, მას ექნებოდა ადგილი ევროპულ საბჭოში, მას ექნებოდა ვეტოს უფლება. ახლა კი ევროკავშირმა შეიძლება მიიღოს ისლანდიის გარეშე ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას იქონიებს თავად ისლანდიაზე, რადგანაც ის არის საერთო ბაზრის წევრი, ის არის EEA-ს წევრი და შესაბამისად, გადაწყვეტილებები, რომელსაც იღებს ევროკავშირი საკუთარ ბაზართან დაკავშირებით, ოღონდ ისლანდიის გარეშე, იქონიებს გავლენას თავად ისლანდიაზე“, – ამბობს გიორგი მელაშვილი.

მელაშვილის შეფასებით, „ოცნება“ ეძებს ნებისმიერ მაგალითს, ნებისმიერ შემთხვევას, რომ საკუთარი ანტიდასავლური პროპაგანდა გააძლიეროს.

„ისინი ცდილობენ, რომ გაზარდონ ანტიდასავლური მოთხოვნა საქართველოს შიგნით, რაც  მაინცდამაინც არ გამოსდით, მაგრამ ამავდროულად, რა თქმა უნდა, ეს არის ქვეყნის იმიჯის დაზიანება ევროკავშირთან მიმართებით. იმიტომ რომ გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ ლანძღავს იმ პოლიტიკურ ერთობას, რომლის წევრიც უნდა გახდეს. რომელი კავშირი, რომელი ორგანიზაცია მიიღებს ქვეყანას, რომელიც მას ლანძღავს?“ – ამბობს მელაშვილი.

ევროსკეპტიკოსების პოზიცია

ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებმა სწრაფად მიიპყრო ევროსკეპტიკოსების ყურადღება. საუბარია იმ პოლიტიკურ ჯგუფებზე, რომლებიც ცდილობენ ევროკავშირის დასუსტებას ან საერთოდ გაუქმებას. ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის პოზიციით, ისლანდიელმა ხალხმა ყველას გაახსენა აშკარა ჭეშმარიტება: ევროკავშირის წევრობა „არ არის ბუნებრივი პერსპექტივა თითოეული ევროპული დემოკრატიისთვის“.

ხოლო ბრიტანეთის ევროსკეპტიკური „რეფორმის“ პარტიის ლიდერმა, ნაიჯელ ფარაჯმა დაწერა: „ვულოცავ ისლანდიას დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ხმის მიცემას“.

გიორგი მელაშვილი „ოცნების“ პოზიციას ამ კონტექსტის გათვალისწინებითაც აფასებს:

„ქართული ოცნება დიდი ხანია გადაიქცა მოყვრის მგმობ, მტრის არმცნობ პოლიტიკურ ძალად და სრულიად ტრაგიკული არის, როდესაც მათ უხარიათ ევროკავშირის, ჩვენი მოკავშირის გარკვეული წარუმატებლობები, რომც დავარქვათ ასე, რაც ამ შემთხვევაში არ იყო, მაგრამ მაინც. და ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქართულ ოცნებას უხარია ყველაფერი, რაც არის ევროკავშირისთვის ცუდი და ამავდროულად სწყინს ყველაფერი, რაც არის ევროკავშირისთვის კარგი. და ამ მხრივ ძალიან ტრაგიკულია, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ერთ მხარეს ლე პენთან, AfD-სთან და სხვა პუტინისტურ ძალებთან ევროკავშირის შიგნით. ეს უფრო მეტს მეტყველებს თავად ქართულ ოცნებაზე, ვიდრე ევროკავშირზე“, – ამბობს ის.

მელაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ისლანდიისა და საქართველოს მაგალითები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია და საქართველოს შემთხვევაში არჩევანი რუსულ ოკუპაციასა და ევროკავშირში გაწევრიანებას შორის დგას:

  • ისლანდია უკვე არის ევროკავშირის საერთო ბაზრის წევრი;
  • ისლანდიის ტერიტორია არ არის ოკუპირებული.
  • ისლანდიის გეოპოლიტიკური მდგომარეობა და მდებარეობა სრულიად განსხვავდება საქართველოსგან;
  • ისლანდია არის NATO-ს წევრი – „შესაბამისად, მას უკვე აქვს ყველანაირი უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც შეიძლება დასავლეთს ჰქონდეს“.