ახალი ამბები

ლელო „Z-ს“ „V-სა“ და გეორგიევსკის ბაფთის აკრძალვის ინიციატივით გამოდის

21 აპრილი, 2022 • 782
ლელო „Z-ს“ „V-სა“ და გეორგიევსკის ბაფთის აკრძალვის ინიციატივით გამოდის

პარტია „ლელო“  უკრაინის ომში რუსეთის მიერ გამოყენებული სიმბოლოების, მათ შორის Z-ს, V-სა და გეორგიევსკის ბაფთის აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის.

პარტიის წევრების განცხადებით, მსგავსი პროპაგანდისტული სიმბოლოების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ეროვნული ინტერესია.

აღნიშნული სამართალდარღვევისათვის ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 2 000 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს- 5 000 ლარის ოდენობით.

ხელმეორედ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5 000 ლარით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე ვადით, ხოლო იურიდიული პირი – 10 000 ლარით.

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, სიმბოლოები რომელთაც რუსული არმია იდენტიფიკაციის მიზნით იყენებს, არაერთ ქვეყანაში, მათ შორის მოლდოვაში, აიკრძალა.

გეორგიევსკის ბაფთა მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების სიმბოლოა, თუმცა პუტინის რუსეთში პანრუსული შოვინიზმისა და იმპერიალიზმის სიმბოლოდ იქცა.

კანონპროექტის თანახმად, იკრძალება წმინდა გიორგის სახელობის ნარინჯისფერ-შავზოლებიანი ლენტის, აგრეთვე ლათინური ასოების „Z“ და „V“ სიმბოლოების დამზადება, შემოტანა, გავრცელება, გამოყენება ან ტარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი